ხანძარი ძველ თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1741535106
სვალბარდის თესლის საცავი, რომელიც ნორვეგიაში, არქტიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გენეტიკური ბანკია. მის მთავარ დანიშნულებას გლობალური გამოწვევების პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენეტიკური რესურსების დაცვა და მათი აღდგენის შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გლობალურ თესლის საცავში ამჟამად ინახება 1,3 მილიონზე მეტი თესლის ნიმუში 123 დეპოზიტორისაგან, რომლებიც მოიცავს 6,297 სახეობას. წელს ქართულ ნიმუშებთან ერთად, საცავს დამატებით 14,000 ახალი ნიმუში დაემატა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ნორვეგიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა მეცნიერებმა სვალბარდის თესლის გლობალურ საცავში (Svalbard Global Seed Vault) ქართული მარცვლეული კულტურების უნიკალური ნიმუშები განათავსეს და ხელი მოაწერეს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართულობას კიდევ უფრო განამტკიცებს.
ქართული მარცვლეული კულტურების-ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ადგილობრივი ჯიშების თესლის 210 უნიკალური ნიმუში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აგრარულ კულტურასა და კვებით უსაფრთხოებას განსაზღვრავდა, საქართველოს 8 რეგიონშია შეგროვილი და იდენტიფიცირებული. ისინი საცავში,
-18°C ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, ათწლეულების განმავლობაში სრულყოფილი მდგომარეობით დარჩება.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია. სვალბარდის საცავში მარცვლეული კულტურების ქართული ჯიშების თესლის განთავსება არა მხოლოდ ჩვენ უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვას უზრუნველყოფს, არამედ საქართველოს აღიარებს, როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს გლობალური კვებითი უსაფრთხოების სისტემაში. ეს ინიციატივა ქართული სოფლის მეურნეობის მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის მისი შენარჩუნებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აცხადებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და ნორვეგიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სვოლბარდის გლობალური მარცვლეულის სათესლე საცავში თესლის განთავსების შესახებ.
ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო შეხვედრებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გენეტიკური რესურსების დაცვის სტრატეგიებზე, ქართული მარცვლეული კულტურების უნიკალური თვისებებსა და მათ მნიშვნელობაზე კვებითი უსაფრთხოების გლობალურ კონტექსტში.
აღნიშნული ღონისძიება სვალბარდის მარცვლეულის გლობალური საცავის მე-17 წლის იუბილეს მიეძღვნა და საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის გაზიარების ფონდის (BSF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა.