სანქციები 2000-დან 5000 ლარამდე იქნება - რეგულაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

ჯარიმა

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ შეტანილი ცვლილებები.

შედეგად, იზრდება სანქციები სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ დარღვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის დროულად წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება.

ახალი წესით, აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე შემოსავლებისა და ხარჯების აღურიცხაობისთვის სესხის გამცემი სუბიექტი თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარით დაჯარიმდება.

დამატებით, რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმები 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა, ხოლო სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები 2 000-დან 5 000 ლარამდე იქნება, დარღვევის ხასიათისა და განმეორებითობის მიხედვით.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით არსებულ მოთხოვნებსაც.

კერძოდ, თუ სესხის გამცემ სუბიექტს არ ექნება შესაბამისი პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და სანქცირებულ პირთა ავტომატურ იდენტიფიცირებას, ან სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით იმუშავებს, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება.

ამასთან, სანქციების რეჟიმის მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე 10 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება.

ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ.

ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც პუნქტი საქმიანობას განახორციელებს.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება უარი თქვას ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ პუნქტს გადაუხდელი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა ან არ ასრულებს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის მითითებებით დადგენილ მოთხოვნებს.

ახალი წესები ამკაცრებს საოპერაციო აღრიცხვის მოთხოვნებსაც. პუნქტები ვალდებული იქნებიან ყველა ოპერაცია სპეციალურ პროგრამაში რეალურ დროში ასახონ, ხოლო ნაღდი თანხის შეტანისა და გატანის თითოეულ ოპერაციაზე პროგრამულად დაბეჭდილი ქვითარი გასცენ, რომელიც განსაზღვრულ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

ცვლილებები ეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსაც. ახალი რეგულაციის თანახმად, ვიდეოკამერები უნდა იყოს დამონტაჟებული როგორც პუნქტის შიგნით, ისე გარე პერიმეტრზე, ვიდეოჩაწერა კი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. გარე კამერების ჩანაწერები მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ხოლო შიდა კამერების ჩანაწერები არანაკლებ 180 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩანაწერები ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.

ამასთან, წესში დამატებულია საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეეძლება პუნქტის რეგისტრაცია გააუქმოს.

მათ შორისაა: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, ასევე ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკრეტულ სუბიექტს ან მთლიანად საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ცვლილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ანგარიშგებას ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ.