„სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ეს ინფორმაცია სინამდვილედ მიიღო, რასაც დიდი გაუგებრობა მოჰყვა“ - თბილისის ზოოპარკის განცხადება

ჟირაფები

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ძვირფასო მეგობრებო,

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანას იუწყებოდა.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ეს ინფორმაცია სინამდვილედ მიიღო, რასაც დიდი გაუგებრობა მოჰყვა: ახალ ზოოპარკში ჟირაფების სანახავად უამრავი მნახველი მოვიდა. შედეგად, დაზარალდნენ როგორც სტუმრები, ისე – ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ხალხის ნაკადთან გამკლავება მოუწიათ.

პირველ რიგში, მივმართავთ ვიდეოს ავტორებს: ნახვებისა და ჩართულობის დასაგროვებლად მსგავსი სიყალბის გავრცელებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და პრობლემებს უქმნის როგორც მოტყუებულ სტუმრებს, ისე იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

გთხოვთ საზოგადოებას: ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც სოციალურ ქსელებში ნახავთ. დაიცავით „საინფორმაციო ჰიგიენა“ და გაზიარებამდე ნებისმიერი ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებლიედ, თქვენც სიცრუის გავრცელების მონაწილე ხდებით.

და ბოლოს: ჟირაფები რომ ჩამოგვეყვანა, ვინმე დაგვასწრებდა ამ სიახლის აფრიალებას? ამიტომ, ყოველთვის, როცა მსგავს ინფორმაციას გადააწყდებით, პირველ რიგში, ჩვენს ოფიციალურ გვერდებს (Facebook, Instagram) გადახედეთ.

 ჟირაფების ჩამოყვანას ნამდვილად არ გამოგაპარებთ, გპირდებით!“, - წერს ზოოპარკი სოციალურ ქსელში.