„სახლი ზანზარებდა, ხალხი ქუჩაში გარბოდა, ყველა პანიკაში იყო“ - რას ამბობს ქართველი მიგრანტი ნეაპოლის მიწისძვრაზე

მიწისძვრა

იტალიაში, ნეაპოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

მიწისძვრის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. რამდენიმე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგებს წინ "ძლიერი ხმაური" უძღოდა, რამაც ქალაქის მოსახლეობა გააღვიძა. მედიის ინფორმაციით, ბიძგები დაახლოებით ღამის 01:25 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 2-3 კილომეტრის სიღრმეზე, პოცუოლის რაიონში მდებარეობდა.

"რუსთავი 2" ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ მიგრანტს, ლიკა სულხანიშვილს დაუკავშირდა. როგორც ლიკამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მიწისძვრა რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ძალიან ძლიერი რყევები და ხმაური გამოიწვია.

"ნეაპოლში ღამე ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო. მეძინა, როდესაც გრუხუნის ხმა გავიგე, სახლი ზანზარებდა, რყევები რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ძალიან შემეშინდა. ხალხი ქუჩაში გარბოდა, ყველა პანიკაში იყო. ნეაპოლში უკვე 7 წელია ვცხოვრობ და ასეთი ძლიერი მიწისძვრა ჯერ არ ყოფილა", - განაცხადა ლიკა სულხანიშვილმა.