CBS News: აშშ-მა შეწყვიტა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც „ხუთი თვალის“ ალიანსში შედიან

ჰკ

აშშ-მა შეწყვიტა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც „ხუთი თვალის“ ალიანსში შედიან. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისთვის დირექტივა გამოსცა, რომ არ გადასცენ აშშ-ის მოკავშირე სადაზვერვო უწყებებს ინფორმაცია, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება“.

„ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსში აშშ-ის გარდა შედიან ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი.

დირექტივა „ხელს არ უშლის დიპლომატიური ინფორმაციის გაცვლას ან სამხედრო ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას, რომელიც მოლაპარაკებებთან კავშირში არაა. მაგალითად, იმ მონაცემების, რომლებსაც აშშ უკრაინელ სამხედროებს თავდაცვითი ოპერაციების ხელშეწყობისთვის უზიარებს“.