სახე ღიმილმა გაუნათა და თავისი ფაფუკი, ქათქათა ხელისგულით შემეხო ლოყაზე. არც მე ვიჩქარე ლოყის გამოწევა... - ნათია ფანჯიკიძის ემოციური მოგონება პატრიარზე

ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პატრიარქზე ემოციურ მოგონებას აქვეყნებს.

„რა მასშტაბის ფიგურა იყო პატრიარქი ილია II, ამას თვალსაჩინოდ მოწმობს მასთან დამშვიდობების მსურველთა რიცხვი, ასევე სხვა ქვეყნებიდან სამძიმრის გამომცხადებელთა და სამძიმარზე ჩამოსული დელეგაციების წევრების რანგი, ევროკავშირის დროშაც კი სტრასბურგში გლოვის ნიშნად დაშვებული და სხვა მრავალი.
ამ დღეებში იმდენი შესანიშნავი წერილი დაიწერა პატრიარქის შესახებ, რომ ჩემს მიერ რაიმეს აღწერის მცდელობას, კომენტარებში იმ წერილების ატვირთვას ვამჯობინებ, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა.
რაც უფრო მასშტაბურად მოაზროვნეა პიროვნება, მით უფრო არაპრიმიტიული და არასწორხაზოვანია ის და წაკითხვის ღირსი კარგი წერილიც იმას ჰქვია, რომელიც არა ემოციური და ირაციონალური, არამედ ფბ ფორმატისთვისაც კი ლამის სამეცნიერო დისტანციიდანაა დაწერილი და ფაქტებს ეყრდნობა.
თვითონ კი მოვიგონებ პატრიარქთან იმ პირად შეხვედრას, ამბად რომ თითქოს, არაფერია, მაგრამ მე რომ სულ მემახსოვრება.
პატარა რომ ვიყავი და მერეც, არც ისე პატარა, მამაჩემი ხელისგულს გაშლიდა და მე ლოყა უნდა ჩამედო მის ხელში. ეს იყო ჩვენი სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვის ფორმა.

ერთხელ, პატრიარქთან შეხვედრაზე აღმოვჩნდი ბევრ ადამიანთან ერთად, სადაც ყველა სათითაოდ ვესალმებოდით მას. რომ მივუახლოვდი, მოულოდნელად, სრულიად არაფორმალურად, სხვებისგან განსხვავებულად მომესალმა, სახე ღიმილმა გაუნათა და თავისი ფაფუკი, ქათქათა ხელისგულით შემეხო ლოყაზე. არც მე ვიჩქარე ლოყის გამოწევა, მე ხომ სიყვარულის ამ ფორმას ბავშვობიდან ვიცნობდი. როგორც ხელისგულში ლოყის მოთავსების საუკეთესო სპეციალისტს შეეფერებოდა, რამდენ ხანსაც შეიძლებოდა, იმდენ ხანს შევყოვნდი, რომ მიმეღო ბავშვობიდან, ჩემს უჯრედის მეხსიერებაშიც კი შენახული სითბოს გამოცდილება.
სხვა რამეს გავიხსენებდი, უფრო აზრიანს, ან თუნდაც ისევ პირადს, მაგალითად გავიხსენებდი, მამა რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე მგალობლებთან ერთად რომ მოვიდა და ნუგეშით გაანათა სახლი. დედას შესთავაზა, ნარიყალაზე დავკრძალოთო. დედამ, უცნაურმა და თავისებურმა, გამორჩეულობაზე უარი თქვა, თავის მეგობრებს შორის იყოსო, თან ნარიყალაზე ქალებს არ დაკრძალავენ და მე ცალკე აღმოვჩნდებიო.

ბევრი წლის შემდეგ, პატრიარქისვე კურთხევით, ნარიყალაზე დაიკრძალა სოხუმიდან წითელი ჯვრის მიერ გადმოსვენებული ეროვნული გმირი მამია ალასანია. მამაჩემის სახელი კი ტაძრის კედელზე იხსენიება, როგორც ერთ-ერთი იმ ადამიანის, ვინც ხელი შეუწყო ძეგლის რესტავრაცია-დაკონსერვებას.მოკლედ, ნამდვილად შეიძლებოდა რამე უფრო შინაარსიანის გახსენება, მაგრამ რაც გაგიზიარეთ, ამაზე კარგი მოგონება არ მგონია რამე იყოს“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.