სახალხო დამცველი: მისასალმებელია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზაობა, გააძლიეროს სახალხო დამცველის რეკომენდაციით განსაზღვრული სტანდარტების ეფექტური დანერგვა

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გამოხატა მზადყოფნა, გააძლიეროს სახალხო დამცველის რეკომენდაციით განსაზღვრული სტანდარტების ეფექტური დანერგვა, ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული პროცესების განმტკიცებისა და მართლმსაჯულებაზე სრულფასოვანი მისაწვდომობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით მუშაობა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესის მხარდასაჭერად მუშაობა გაგრძელდება პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სისტემური დახვეწის მიზნით.

„საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

ინდივიდუალური საქმის შესწავლისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსაზღვრის პროცესში, დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა გამოვლინდა. ეს გამოწვევები ეხება ბავშვზე მორგებული მიდგომის გამოყენებას, კონფიდენციალობის მაქსიმალურ დაცვასა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი გარემოს შექმნას, რაც, სახალხო დამცველის პოზიციით, მიუკერძოებელი მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე მიუთითებდა.

რეკომენდაცია მიზნად ისახავს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსაზღვრის პროცესში დამოუკიდებელი პირის ჩართვას. სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვის მოსაზრების მოსმენაზე, მის ინფორმირებულ მონაწილეობასა და პოზიციის თავისუფლად გამოხატვაზე, მათ შორის, ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც არასრულწლოვანი დაცულია ნებისმიერი შესაძლო ზემოქმედებისგან.

მისასალმებელია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გამოხატა მზადყოფნა, მომავალში გააძლიეროს რეკომენდაციით განსაზღვრული სტანდარტების ეფექტური დანერგვა, ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული პროცესების განმტკიცებისა და მართლმსაჯულებაზე სრულფასოვანი მისაწვდომობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით მუშაობა. ამ პროცესის მხარდასაჭერად, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს ინფორმაციით, მუშაობა გაგრძელდება ადგილობრივ ერთეულებთან, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სისტემური დახვეწის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ ბავშვების მართლმსაჯულებაზე სრულფასოვანი მისაწვდომობა, მათი უფლებების დაცვის ფუნდამენტური საფუძველია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.