1727944755
საფრანგეთში მოკლული ქართველის ცხედარი მის მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს
მარსელში,7 იანვარს ურთიერთშელაპარაკებისას მოკლული საქართველოს მოქალაქის 25 წლის ალექსი გოგუას ცხედარი ჩამოასვანეს.
ამის შესახებ "პრაიმტაიმს" მერის წარმომადგენელმა სოფელ ნაფიჩხოვოში ხვიჩა ლაგვილავამ განუცხადა.
"დილით ჩამოასვენეს,მეუღლე წინა დღით ჩამოვიდა. ენით აღუწერელი ტრაგედიაა ოჯახისთვის და სოფლისთვის. საქართველოს საკონსულომ და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ყველაფერი იღონეს დროზე ჩამოესვენებინათ ცხედარი, რაც ერთგვარი შვებაა კიდეც ოჯახისთვის ამხელა ტრაგედიის შემდეგ",-გვითხრა რწმუნებულმა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გასული წლის აპრილში დაქორწინდა. შემდეგ კი სამი თვე მარსელში იმყოფებოდნენ, რადგან ახლობლების თქმით, თბილისში ბინის ყიდვას გეგმავდნენ და სამომავლო გეგმებს აწყობდნენ. „აქ ვერ იშოვეს სამსახური, ოჯახს უჭირდა და იძულებული გახდნენ წასულიყვნენ",- ამბობს ახლობელი. ალექსი გოგუას და და მამა დარჩა.
მეუღლე უკვე დაიკითხა მარსელის პოლიციაში და მან მკვლელიც ამოიცნო. იგი მომხდარი ფაქტიდან მალე დააკავეს.
ესმიკო(ტასო) კვარაცხელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
"და ჩვენ ისევ შევხვდით… და მე ისევ მოვკვდი…
შენი ცივი სხეული ისეთი თბილი იყო დღეს, როგორც არასდროს. მეორედ მოვკვდი, მეორედ მომკლეს. შენი ნათელი სახე, შენი მოღიმარი სახე, მელოდებოდი… მელოდებოდი და თითქოს გიხაროდა, მე შენთან მოვედი და…
არაა! შენ არ მომკვდარხარ! შენ ჩემში ხარ და მე ამას ვგრძნობდი დღეს, შენ გიხაროდა და მე თითქოს მშვიდად ვიყავი, რატომ! გავგიჟდი?
სიმშვიდის, სევდის, ბრაზის, მწუხარების ნაზავი…
უსიტყვოდ გეფერებოდი… ბევრს გეფერებოდი… უსიტყვოდ გკოცნიდი… ბევრს გკოცნიდი…
შენი ნაფერები ხელები…
შენი ცივი სხეული ისეთი თბილი იყო, როგორც არასდროს
ყველაფერი მტკივა, უშენობა მტკივა. მეც მინდა ძილი, სამუდამო ძილი. ალიკაა…
შენი ცისფერი თვალები ვერ ვნახე, შენი ხელები ისეთი დამყოლი იყო, ისეთი ლამაზი იყო… მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.
და ჩვენ ისევ შევხვდით… და მე ისევ მოვკვდი….".
ცნობისთვის, 25 წლის ჩხოროწყუს მკვიდრ ალექსი გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მარსელში მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას სამი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი სულ 10 თვის დაოჯახებული იყო. ცოლ-ქმარი საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.