1775926019
სააღდგომო ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა
სააღდგომო ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სააღდგომო ლიტურგია ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა შეასრულა. მეუფე ანდრიამ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ალავერდის მამათა მონასტერში იზეიმეს. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. გაიმართა ლიტანიობა.
სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ. წირვის დაწყებამდე მან მრევლს დღესასწაული მიულოცა, ქვეყანას კი გამთლიანება უსურვა. ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს აჭარაშიც. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ სადღესასწაულო წირვა ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ჩაატარა. სააღდგომო ლიტურგიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად დაესწრო. ტაძარში იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ბათუმის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომდგენლები.
საზეიმოდ აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. მსახურებას მრევლი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი და ქალაქის მერი ესწრებოდნენ.
ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილამდე გაგრძელდა. ეკლესიებში გადაანაწილეს იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.












