რუსთავში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, თვის ბოლომდე დასრულდება

ლაცაბიძე

რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რამდენიმე მსხვილი პროექტი კი თვის ბოლოს დასრულდება. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქს უახლოეს პერიოდში ახალი საბავშვო ბაღი, რეკრეაციული, საბავშვო და სპორტული სივრცეები შეემატება.

,,სარაჯიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 120 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. მე-18-ე და მე-19-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი ეწყობა, პროექტის მიხედვით 13 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე კეთდება საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, ეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი სივრცეები, სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში დაირგვება 350-მდე ხე-მცენარე. კიდევ ერთი მრავალფუნქციური სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს მე-8-ე მიკრო რაიონში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ძველ რუსთავში, დასრულების ეტაპზეა რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები, მონტაჟდება ახალი გარე განათების სისტება, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გამწვანების ზოლები.

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე უბანში საბავშვო და სპორტული სივრცეები კეთდება. ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული. ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია საბავშვო ატრაქციონების მოწყობაზე, შიდა ეზოების კეთილმოწყობაზე. უახლოეს დღეებში, კი ტენდერი ავარიული კორპუსების გამაგრებაზე და არაფორმალური განათლების ცენტრის - მედიათეკის მშენებლობაზეც გამოცხადდება.