1731519914
რომპეტროლი საახალწლოდ ბავშვთა სახლებს ესტუმრა
„რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ზრუნავს. წელს, ბენეფიციარების გადანაწილება ორ ლოკაციაზე, თელავსა და ჩხოროწყუში მოხდა. კომპანიის წარმომადგენლები ორივე ლოკაციას ესტუმრნენ და ტრადიციულად, საახალწლო საჩუქრებით გაახარეს ბავშვთა სახლების აღსაზრდელები.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომპეტროლი რამდენიმე წელია ბიზნეს პარტნიორებისთვის გათვალისწინებულ საახალწლო საჩუქრების ფონდს სოციალურ პროექტზე - ბავშვთა სახლის დასახმარებლად მიმართავს. ამ გულისხმიერ საქმეში, კომპანიის თანამონაწილეები სწორედ მათი პარტნიორი ორგანიზაციები არიან. კომპანიამ კოჯრის ბავშვთა ბენეფიციარების დახმარება თანამშრომლის ინიციატივით 6 წლის წინ წამოიწყო. ამ საქველმოქმედო აქტივობას ეტაპობრივად უფრო და უფრო მეტი თანამშრომელი შეუერთდა, ბოლო სამი წელია კი ამ ტრადიციას კომპანია აგრძელებს და ცდილობს ყოველ წელს ბავშვებს საახალწლო განწყობა შეუქმნას და სიხარული მიანიჭოს.
„ეს ბავშვები უკვე ჩვენი ახლობლები არიან და ყოველ წელს სულმოუთქმელად ველოდებით მათთან შეხვედრას. გვახარებს რომ ამ საქმის ინიციატორები ვართ და ის, რომ ამ კეთილ საქმეში ჩვენს პარტნიორებსაც თანამონაწილეებად მოვიაზრებთ. გასართობი ღონისძიებებიც იგეგმებოდა, ისე როგორც ამას პანდემიამდე პერიოდში ვაკეთებდით, თუმცა კოვიდ-19 რეგულაციების გამო, წელსაც მცირედი აქტივობებით შემოვიფარგლეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ შევძელით პატარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა და მათი გულების გახარება“, - აცხადებენ კომპანიაში.
„რომპეტროლ საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-16 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.