1751399667
"როგორც პირზე ხელი აგაფარონ და სუნთქვის საშუალება არ მოგცენ, ასეა ჩემი ვენახები"- კახელები გვალვას უჩივიან

ხანგრძლივი უნალექო ამინდების გამო, კახეთში მიწის დამუშავება ვერ ხერხდება, დათესილი მოსავალი კი აღარ ამოდის.
ზამთრის სეზონზე, რეგიონი, ფაქტიურად გვალვის პირობებში ცხოვრობს, რაც სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას სასოფლო- სამეურნეო საქმიანობაში ხელს უშლის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომავალი წლისათვის მარცვლეულის, ყურძნისა და ბოსტნეულის მოსავალი ძალიან შემცირდება.
რამაზ იორდანიშვილმა ხორბალი 3 ჰექტარ მიწაზე ყვარლის მუნიციპალიტეტში, გასული წლის ნოემბრის თვეში დათესა.
ყანის მფლობელი მეოთხე თვეა, ხორბლის აღმოცენებას ელოდება, თუმცა, უნალექო ამინდების გამო, თესლი მიწაში არ ღივდება და ჯეჯილი არ ამოდის.
პრაიმთაიმთან საუბარში იორდანიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა გლეხებისა და ფერმერების უდიდესი ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩეს.
" ახლა უკვე მწვანედ უნდა იყოს ამოსული, იმდენი ხნის წინ დავთესე. ერთი ჰექტრის დათესვას, 800 ლარამდე თანხა სჭირდება. ტყუილად გადავყარე ფული. წვიმა და თოვლი აღმოცენებისთვის აუცილებელია, მაგრამ უცნაური ზამთარი მიდის, ერთი ფიფქი არ ჩამოვარდა. ჯეჯილი აღარ ამოვა და წელს, ფაქტიურად, ხორბალი არ მექნება. მხოლოდ პურისთვის ხომ არ ვიყენებთ, შინაურ ფრინველებს და ცხოველებსაც ვკვებავთ. დავუშვათ, გადახვნა ჩავატარე და სიმინდი დავთესე, ახალი ხარჯიც უნდა და თუ ნალექი არ იქნება, ისიც ხომ გახმება.ძალიან რთული წელიწადი გველოდება, ხორბალი და სიმინდი თუ შემცირდა, რამ უნდა გამოგვკვებოს?- ამბობს იორდანიშვილი.
ხანგრძლივი უნალექო ამინდების გამო, მოსალოდნელ ზარალზე უკვე საუბრობენ მევენახეებიც.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში დავით წულუკიძეს რქაწითელის ჯიშის ვაზის რამდენიმე ვენახი აქვს.
მევენახე ამბობს, რომ ვაზის რქა უკვე ზედმეტად გამშრალია და ის შესაბამის კვირტს ვერ გამოიტანს.
" ვაზის რქა ახლა თვითგადარჩენაზე მუშაობს, სულ გამომშრალია. კვირტს ალბათ გამოიტანს, მაგრამ არ იქნება ძლიერი და კარგი ნაყოფის მომცემი. იცით, როგორი ვითარებაა? როგორც პირზე ხელი აგაფარონ და სუნთქვის საშუალებას აღარ გაძლევდნენ, ასეა ახლა ჩემი ვენახები. აღარც სარწყავი სისტემები არსებობს, ამით რომ მივეშველოთ. მორწყვის სეზონზეც, წყალი თუ იქნება, იმხელა რიგებია, შეიძლება არც მოგვიწიოს, მიწა ისეა გამომშრალი, ჩემი მეზობლები ეზოში ხეხილს რწყავენ, თებერვალში ასეთი რამ წარმოგედგინათ? წელს, ზარალს ველოდები, ისედაც ზოგიერთი ოპერაცია ვალით მაქვს ჩატარებული"- გვიყვება მევენახე.
კახეთში ამბობენ, რომ უნალექო ამინდების გაგრძელების შემთხვევაში, ძალიან შემცირდება ბოსტნეულისა და ხილის მოსავალიც, რაც ადგილობრივი პროდუქციის დიდ დეფიციტსა და იმპორტირებული საქონლის გაძვირებას გამოიწვევს.
პრაიმთაიმის მონაცემებით, გვალვისგან გამომშრალ ადგილებში მოსახლეობას ტექნიკაც ვერ შეჰყავს და მიწის ნაკვეთების ნაწილი ჯერ კიდევ დაუმუშავებელია.