როგორია ვერაზე დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა

ფოტო

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ. ნიკოლოზ კაპანაძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე აიყვანეს.

ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითების დაზიანება მიიღო.

ამ დრომდე კლინიკა "ჰელსიკორში" რჩება კიდევ 2 დაჭრილი ახალგაზრდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„22 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. მათ აღენიშნებოდათ ჭრილობა მარცხენა მხრისა და მარცხენა მტევნის არეში. ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა. პაციენტები, დღეის მდგომარეობით, თავს კარგად გრძნობენ, გადაყვანილ იქნენ პალატაში. გაცილებით აქტიურები არიან დღეის მდგომარეობით და სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გავწერთ კლინიკიდან“, - განაცხადა "ჰელსიკორის" აღმასრულებელმა დირექტორმა, შმაგი ჭიოკაძემ.

ორი დღის წინ, ვერაზე, სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.