1727944755
როგორია საგარეჯოში დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
რაც შეეხება დაშავებულებს, ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი თბილისში გადმოიყვანეს, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმი განმარტავს, როგორია ქალის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ. პაციენტს სახლში დღეს გაწერენ.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ საათში გაეწერება ბინაზე მედიკამენტური მკურნალობით. მძიმე ტრავმა იყო. გართულება ამ ეტაპზე არ არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. პაციენტს თვალი არ დაუკარგავს“,- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.