როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ქუთაისის კლინიკაში ნაცემი შეიყვანეს

საავადმყოფო

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცემია. ქალს დაზიანებები სახეზე, თავზე, გულ-მკერდსა და კიდურებზე აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც ის იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, პალატაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ.

მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.