როდის არ ისმენს უფალი დედის ლოცვას

ლოცვა

როდის არ ისმენს უფალი დედის ლოცვას

ზოგჯერ ხდება ისე, რომ უფალი დედის გულმხურვალე ლოცვას არა და არ ისმენს. ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ძირითადად ამსოფლიური სიბრძნით და ლოგიკით ვხელმძღვანელობთ, მიწიერი კანონებით ვსჯით და გვავიწყდება, რომ არსებობს უფრო დიდი უფლისმიერი სიბრძნე, ლოგიკა და სამართალი - სამწუხაროდ, ხშირად მიუწვდომელი და მიუღებელიც კი ჩვენი ხორციელი ბუნებისათვის.

საქმე ის გახლავთ, რომ უფალმა, როგორც გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნემ კარგად უწყის თითოეული ჩვენგანის არა მხოლოდ გულის ზრახვანი, არამედ ისიც, თუ რას ჩავიდენთ მომავალში. ამიტომ მომავალი დაღუპვისაგან გადასარჩენად ადრე ასაკში წაიყვანს ხოლმე ადამიანს, რის გაგება და მიღება, ბუნებრივია, ძალზე ძნელია; განსაკუთრებით კი - დედისათვის. აი, რამდენიმე ტკივილიანი ისტორია.

გონივრული და უგუნური ლოცვები

შვილთათვის ლოცვა, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, შეიძლება გონივრულიც იყოს და უგუნურიც, იაკობ მოციქული ამბობს: „ითხოვთ, და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).

რა უნდა ითხოვონ მშობლებმა უპირველეს ყოვლისა?

ნათელია, რომ მათი უპირველესი მისწრაფება შვილის ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ცოცხალ წევრად აღზრდა უნდა იყოს. ამ სურვილს უფალი თავის დროზე შეუსრულებს, თუმცა ამ დროის ცოდნა საჭირო არ არის. ზოგჯერ უფალს ყმაწვილები ხსნისკენ პირდაპირი გზით მიჰყავს, დროებით განსაცდელებს და გზიდან გადაახვევებსაც კი უშვებს. მშობლებმა ასეთ დროს იმედი არ უნდა დაკარგონ და უფრო ძლიერად უნდა ევედრონ არსთა გამრიგეს.

წმიდა მამები ამბობენ: „ქრისტიანის გარეგან ბედზე სიფრთხილით ილოცეთ“. ეს ბავშვის გამოჯანმრთელებისათვის მშობელთა ლოცვასაც ეხება. როცა უფალს სურს მშობლები მომავალი მწუხარებისაგან იხსნას, შვილს ადრეულ ასაკში ართმევს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ ღვთის განგებისადმი მორჩილება მართებთ. ავადმყოფი ბავშვისათვის ლოცვა კი ყოველთვის გეთსიმანიის ბაღში უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით დაასრულონ: „ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ“ (ლუკ. 22, 42).