რატომ გვეღუტუნება - ის, რის გარკვევასაც 2000 წელია, ვცდილობთ

ღუტუნი

 სამყაროში ბევრი ამოუცნობი რამაა, მაგრამ მათ რიცხვში ერთი სრულიად მოულოდნელი ფენომენიცაა: ღუტუნის ეფექტი. დიახ, კაცობრიობა მის ამოხსნას 2 ათასწლეულზე მეტია, ცდილობს, მაგრამ ზუსტი ბიო-ფსიქოლოგიური მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.

ღუტუნს მეცნიერულ ენაზე კნისმეზისი ან გარგალეზისი ეწოდება, რომელთაგანაც პირველი მსუბუქი ეფექტის დროს გამოიყენება, მეორე კი — ძლიერისას, როცა სიცილსაც ვერ ვიკავებთ. ორივე შეგრძნება, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. მსგავსი რამ ცხოველებშიც კი გვხვდება, მაგალითად, ვირთხებში, რომლებიც ამ დროს სიცილის მაგვარ ხმებს გამოსცემენ.

ამის მიუხედავად, ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს: რატომაა სხეულის კონკრეტული ნაწილები ღუტუნის მიმართ უფრო მგრძნობიარე? რატომ ხალისობს ზოგი ადამიანი ღუტუნით, ზოგი არა, მაგრამ მაინც ორივე იცინის? რატომ ვერ ვუღუტუნებთ საკუთარ თავს?

ამ ყველაფრის გარკვევას საუკუნეები მოანდომეს — დაწყებული ბერძენი ფილოსოფოსებიდან (სოკრატე და არისტოტელე), შედარებით გვიანდელ ეპოქებში მოღვაწე მოაზროვნეებით დასრულებული, როგორიც ფრენსის ბეკონი ან რენე დეკარტი იყო. პასუხების ძიებას ჩარლზ დარვინიც ცდილობდა.

"ღუტუნში მოტორული, სოციალური, ნევროლოგიური, განვითარებითი და ევოლუციური ასპექტების რთული ერთობლიობაა. თუკი გვეცოდინება, როგორ მუშაობს ეს ტვინის დონეზე, ნეირომეცნიერების სხვა საკითხებზეც შეგვექმნება წარმოდგენა", — აცხადებს ნეირომეცნიერი კონსტანტინა კილტენი, რომელიც Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევისავტორია.

ის ამბობს, რომ ღუტუნს შეუძლია, მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი გააღრმაოს, რადგან ხშირად სწორედ პატარებს ვუღუტუნებთ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ აისახება ეს ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და ტვინის განვითარებაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანები შეხებისას ღუტუნს უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე სხვები. ამის გამოკვლევამ, შესაძლოა, მათი ტვინის განსხვავებებზე მეტის გაგების საშუალება მოგვცეს.

საინტერესოა ისიც, თუ რა დანიშნულება აქვს ღუტუნს ევოლუციურად, რადგან ეს ვირთხების გარდა ისეთ ცხოველებშიც გვხვდება, როგორებიც გორილები და ბონობოები არიან. ცალკე საკითხია, როგორ ასხვავებს ტვინი ღუტუნს სხვისგან და საკუთარი თავისგან (რაზეც ჩვეულებრივ არ რეაგირებს). ტვინმა იცის, როდის და სად მოვუღუტუნებთ საკუთარ თავს, ამიტომ რეფლექსს წინასწარ თიშავს, თუმცა როგორ ხდება ეს, არ ვიცით.

ღუტუნის მექანიზმის შესწავლას ისიც ართულებს, რომ ის ორგვარი სახისაა (მსუბუქი და ძლიერი). ასევე, კვლევებს შორის ამგვარი ქმედებების შედარება გამოწვევებითაა სავსე, რადგან მათი პირდაპირი გამეორება მარტივი არაა.

კონსტანტინა კილტერმა ამისთვის სპეციალური "ღუტუნის ლაბორატორია" შექმნა. იქ სკამია მოთავსებული, რომელსაც ფეხების ჩასაყოფი აქვს. დაჯდომის შემდეგ მექანიკური ჯოხი ფეხებზე ღუტუნს იწყებს. ამგვარად კონტროლდება, რომ ადამიანებს ერთნაირი მაპროვოცირებელი სტიმული ჰქონდეთ. შემდეგ დააკვირდებიან, როგორ აისახება ეს ტვინზე, გულზე, ოფლის გამოყოფაზე, სუნთქვაზე, სიცილსა თუ კივილზე. ექსპერიმენტში ამ ყველაფრის გაერთიანებით ზოგიერთ კითხვაზე პასუხის მიღება შეგვეძლება.