1734811100
„რაჭაში კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში“ - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მდებარე ღვინის საწარმო დაათვალიერა.
„იწის მარანი“ წელს 20 ტონამდე ალექსანდროულის და მუჯურეთულის გადამუშავებას გეგმავს, საიდანაც 98%-ს მოსახლეობისგან შეისყიდის, დანარჩენი ყურძენი კი, საკუთარი ვენახებიდან იქნება.
„კერძო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო მზად არის ყურძნის ჩასაბარებლად. ისევე როგორც კახეთში, რაჭაშიც, დარწმუნებული ვარ, რთველი წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ღვინის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო „იწის მარანი“ 2019 წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 600,000 ლარს შეადგენს, შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 390,000 ლარია; საწარმოს წარმადობა 80 ტონაა. კომპანია, ბრენდით „ბიმბილი“, ღვინის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში. მიმდინარე თვეში, ჩინურ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, საექსპორტო ქვეყნების სიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც დაემატა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში აქტიურ ფაზაშია. საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა, დაახლოებით, 2000 ტონაა.
„წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნაადრევად მოგვიწია რთველის დაწყება.
ამ ეტაპისთვის 500 ტონამდე ყურძენია დაბინავებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორციელდება სუბსიდირების პროგრამა. მიმდინარეობს კონტროლი, რომ სხვა მუნიციპალიტეტიდან არ შემოვიდეს განსხვავებული ჯიშის ყურძენი. მობილიზებულია შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს. მოლოდინები კარგი გვაქვს”, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინევებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
ღვინის საწარმო მინისტრთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.