რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ბინას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვაქირავებთ - „ვერ მოხდება თანხის ამოღება და ზიანის ანაზღაურება“

qira

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო ოკუპანტ ქვეყანას სხვადასხვა სანქციები დაუწესეს. როგორც ჩანს, ეს მათთვის დისკომფორტი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ. ისინი სავარაუდოდ, დროებით საცხოვრებელ ადგილად საქართველოსაც ირჩევენ.

სამწუხაროდ, უკვე ხშირია შემთხვევა, როდესაც ბინის მეპატრონეები საქართველოს მოქალაქეებს ნაქირავები ბინიდან უშვებენ, რადგან რუსები უფრო მეტს სთავაზობენ. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რუსეთის მოქალაქეზე ქონების გაქირავების შემთხვევაში მესაკუთრე დაკარგავს ქონებას“. სწორედ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს ადვოკატი თათია ქაჯაია განმარტავს.

„ბოლო პერიოდში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეზე ქონების გაქირავების შემთხვევაში მესაკუთრე დაკარგავს ქონებას, ვერ მოითხოვს გამოსახლებას, ქონება გადავა დამქირავებლის საკუთრებაში და ა.შ.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით რუსეთის მოქალაქისათვის ქონების სარგებლობაში, საკუთრებაში გადაცემა ან ამა თუ იმ მომსახურების გაწევა რამდენად სწორია მორალური თვალსაზრისით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სამართლებრივად მცდარი ინფორმაციის გავრცელება არ არის სწორი.

ამიტომ განვმარტავ, რომ დამქირავებელი რუსეთის მოქალაქე იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყნის, მესაკუთრეს იგივე უფლებები გააჩნია და იგივე პროცედურების გავლა უწევს სამართლებრივად, რაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში.

განსხვავება ის არის, რომ თუ ვითხოვთ მაგალითად ზიანის ანაზღაურებას, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში უფრო რთულია, რადგან თუ არ გააჩნია არანაირი ქონება საქართველოში, ვერ მოხდება თანხის ამოღება და ზიანის ანაზღაურება,“ - წერს თათია ქაჯაია.