რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ

გრიპი

ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ასევე, გავრცელებულია გრიპის სხვადასხვა ტიპები.

მედიკოსების თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა.

სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვის, შიდა სივრცეების ხშირად განიავებისა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„H1N1-ის შემთხვევებიც არის და ასევე, მეტა პნევმო ვირუსის შემთხვევებიც, რომელიც აგრესიულად მიმდინარე დაავადება არ არის, თუმცა, მცირე ასაკის ბავშვებში და ასაკოვნებში საყურადღებოდ მიდის. განსაკუთრებით, ფონური დაავადებები თუ არის, სასურველია, დაავადების დაწყებიდან მეორე-მესამე დღესვე მიმართონ კლინიკებს. თუ არის ჯანმრთელი ადამიანი და 4-5 დღე აქვს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უგრძელდება კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მომართონ კლინიკას“, - ამბობს ექიმი ინფექციონისტი ქეთევან ჩიქოვანი. 

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები. საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება, არ სცილდება ეპიდემიურ ზღვარს. ყველაზე კარგი დაცვა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.