წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1755022275
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლას სრულად სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ დაფინანსება გარკვეული პირობებით გაიცემა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის აგვისტოს ბრძანების მიხედვით, სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება (3.4 ან 5 წლის განმავლობაში) სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებულ არანაკლებ 45 კრედიტს აითვისებს.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული პირი პირველ სასწავლო წელს 45 კრედიტის დაგროვებას ვერ ახერხებს, მას მეორე სასწავლო წელს გადასახადის გადახდა მოუწევს.
ამავე ბრძანების თანახმად, დამატებითი პირობაა შესასრულებელი სწავლის ბოლო წლის დაფინანსების მისაღებად. სტუდენტის სწავლა ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა წლების კრედიტების ჯამი არანაკლებ 120 (3-წლიანი პროგრამისთვის), 180 (4-წლიანი პროგრამისთვის) და 240 (5-წლიანი პროგრამისთვის) კრედიტს შეადგენს.
არის თუ არა შესაძლებელი, სტუდენტს, რომელსაც დაფინანსება შეუწყდა, კრედიტების საჭირო რაოდენობის ათვისების შემდეგ, სახელმწიფო დაფინანსება აღუდგეს?
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული სტუდენტისთვის სახელმწიფო დაფინანსების აღდგენის საკითხს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს.
მათი განმარტებით, თუ სტუდენტს წინა წლის მინიმალური კრედიტების მიღების პირობა დარღვეული აქვს, მომდევნო წელს კრედიტების აღდგენის შემთხვევაშიც, შესაძლოა, უნივერისტეტმა ის დაფინანსების პროგრამაში აღარ ჩასვას. ამ ინფორმაციას ჩვენ ნაწილობრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გვიდასტურებენ.
„ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლის პროგრამაზეც სტუდენტი ჩაირიცხა. თუ ვაკანტური ადგილი სხვა ადამიანმა აითვისა, პირი დაფინანსებას ვეღარ აღიდგენს. უნივერსიტეტს აქვს ეს პრივილეგია, რომ ხელმეორედ აღარ გაითვალისწინოს სტუდენტი [რომელსაც დაფინანსება შეუწყდა და შემდეგ არანაკლებ 45 კრედიტი აითვისა] და მის ნაცვლად, სახელმწიფო დაფინანსებაში სხვა პირი ჩასვას. ანუ, წინა წლის პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, უნივერსიტეტმა სტუდენტი დაფინანსებულთა სიაში აღარ დააბრუნოს“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1755022275
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755023010