რა მდგომარეობაა ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძართან

სამება

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია. მრევლს სამებაში მიმდინარე წირვის დროს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ტაძარში შევიდეს და პატრიარქს მიაგოს პატივი.

სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, სამებიდან სიონის ტაძრამდე გაკეთებული დერეფნის ორივე მხარეს განლაგდნენ და პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.

მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან.

სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე სამების ტაძარში მიბრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.