რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

შოვი

რა გახდა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზი - გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის გასაჯაროებამდე სპეციალისტები ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში ტრაგედია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.

""მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო"" - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და მოუწოდებს საზოგადოებას სპეციალისტების დასკვნას დაელოდოს.

"ძალიან უცაბედ მყისიერი მოვლენის განვითრებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდე-ზვაური მასის და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა ეს პროცესები ხეობაში, რასაც თან დაერთო თანდართული ღვარცოფული და თანამდევი მეწყრული პროცესები, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასაც გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს მძიმე სურათი, რასაც ხეობაში ვხედავთ.

ამიტომ, მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს მაქსიმალურად, დავეყრდნოთ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შევიკავოთ თავი. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ამ საკითხის ირგვლივ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.