"ქუჩაში აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო... მერაბი ღამის სამ საათზე ადიოდა ირაკლის საფლავზე და..." - დღეს ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა

kostava

9 მარტს მერაბ კოსტავას ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა. 

მერაბ კოსტავა ციმბირის გულაგში პატიმრობის დროს (გულაგი - შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო, სადაც პატიმრები იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში) შიმშილობდა. მას იძულებით ხელოვნურად კვებავდნენ. 

შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.

ის სასჯელს კარცერში იხდიდა. შიმშილისგან დაუძლურებულ-დაოსებული გამოიყვანეს და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე ისევ კარცერში დააბრუნეს.

ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, მერაბის პირველი წერილი მეუღლეს.

"გამარჯობა, რუსუდან... გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს. უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.

ვარ იგივე მდგომარეობაში. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით. შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი..."

მერაბის ცოლი, რუსუდან ბერიძე ჰყვებოდა:

​„ორთვიანი შიმშილობის შემდეგ კარცერიდან ამოიყვანეს. უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა და ისევ უკან ჩაიყვანეს. როგორი გადასატანია? მე მარტო მაინც არ ვიყავი... მისი პირველი წერილი მძიმე იყო. ირაკლის ამტყუნებდა, ეს რატომ ჩაიდინაო. მე ასე არ მითქვამს, რადგან, პირველ რიგში, თავის თავს დაუშავა... ამას ვერ გადახარშავ. მეუბნებოდნენ, რომ ხშირად ღამის სამ საათზე ადიოდა ირაკლის საფლავზე და იქ იჯდა.

მერაბს მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბავშვური ღიმილი... გულიანი სიცილი იცოდა - მანაც და ირაკლიმაც. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და გარეგნულადაც ჰგავდა. ქუჩაში აჩერებდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო. მაშინ უკვე იცოდნენ მერაბი. პატარა რაღაც შეიძლებოდა გახარებოდა. ერთხელ ლენინგრადიდან დამირეკა, თეთრი ხელთათმანები გიყიდეო.

ირაკლისთვის 16 წლამდე დიდი ავტორიტეტი ვიყავი. სასაცილო იყო. მერაბს რომ შეეკითხებოდა რამეს მუსიკაზე ან რელიგიაზე, რაც მერაბმა ჩემზე კარგად იცოდა, მერე ჩემთან მოვიდოდა ხოლმე."

რეზო თაბუკაშვილი უმცროსი: სანამ თვითმფრინავის გატაცება მოხდებოდა, ერთი წლით ადრე გავიცანი ირაკლი კოსტავა, გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი - ლიძავაში­ იყვნენ ჩამოსული. ჩემზე დაახლოებით ათი წლით უფროსები იყვნენ, მაგრამ მაინც ვმეგობრობდით. განსაკუთრებით, ირაკლი კოსტავა დაგვიმეგობრდა მე და ჩემს ძმას, გასართობად დავდიოდით...

კოკო გამსახურდია და ირაკლი კოსტავა მეგობრობდნენ. სხვადასხვა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში კოკო იხსენებდა:

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის ვიყავი, ჩემი პირველი მეგობარი რომ შევიძინე – ირაკლი კოსტავა. თურმე „მანეჟში“ ერთად ვისხედით და ვთამაშობდით. ჩვენ ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით.

ქალბატონი რუსუდანი მათემატიკაში გვამეცადინებდა ორივეს. ხშირად მივყავდით მშობლებს გაუქმებულ ქართულ ტაძრებში, სადაც ისინი ლოცვებს აღავლენდნენ, სანთლებს ანთებდნენ და გალობდნენ ქართულ საგალობლებს. ხშირად სათევზაოდაც მივყავდით მშობლებს და მერაბი ბადეს ისროდა ხოლმე არაგვზე, ქსანზე, ხრამზე... ირაკლიც შეყვებოდა ხოლმე, არ ეშინოდა დინების. 

საერთო ინტერესი ბევრი გვქონდა, ლიტერატურა, ფილოსოფია, მუსიკა.... ირაკლის მამისეულ სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე ირაკლი ჩარკვიანთან, გეგა კობახიძესთან, კახა თოლორდავასთან და სხვებთან ერთად.