„ქრისტე აღდგა“ თუ „აღსდგა“ - სწორი ფორმა „ქრისტესმიერი“ და „საკრალურია“ თუ „გამონაკლისი გაჭირვებისა“?

qriste agdga tu agsdga

ენათმეცნიერი სოსო ლებანიძე ამბობს, რომ სამი საუკუნის პრობლემა გადაწყდა! წლების განმავლობაში, აღდგომა მოახლოვდება თუ არა, იწყება დავა იმაზე, თუ რომელია სწორი ფორმა - „ქრისტე აღდგა“ თუ „აღსდგა“. ენათმეცნიერი „პრაიმტაიმში“  სწორედ ამ მარადიულ კითხვაზე გასცემს პასუხს.

„ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ „აღსდგა“, როგორც გამონაკლისი, შეიტანეს „აღდგა“-ს პარალელურ ფორმად. რადგან იმ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ვერ დადგინდა, ამასთან დაკავშირებით დიდი მეცნიერი ვარლამ თოფურია წერდა - „გამონაკლისი გაჭირვებისაა“... მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტება, სიმართლე დადგინდა და ჩემი კვლევების შემდეგ ეს საკითხი გამოსწორდება.

ანტონ კათალიკოსის მიერ მეთვრამეტე საუკუნეში ჩატარებულმა ქართული ენის რეფორმამ, კერძოდ, ზმნებში პრეფიქსების ხმარების წესის დარღვევამ - „ჰ“-სა და „ს“-ს შერწყმამ ახალ ქართულსაც დაღი დაასვა. - ზმნაში, საჭირო იყო თუ არა, გაჩნდა მრჩობელი „ჰს“... იგივე ბედი ეწია „აღდგა“-საც, ანუ „გაჩნდა“ „აღჰსდგა“.

„ფონეტიკის წესების“ თანახმად, სიტყვა „აღჰსდგა“-დან ადვილად ამოვარდა სუსტი „ჰ“ და დარჩა „აღსდგა“ ე.ი. „აღჰსდგა“-ს „ნაშთი“, რაც ბევრს უძველეს და ტრადიციულ სიტყვად მიაჩნია. სინამდვილეში კი, როგორც ვხედავთ ჩამოყალიბდა არამართებული სიტყვა!

„აღსდგა“ უძველეს ხელნაწერებში არსად ფიგურირებს, გარდა ანტონისეული „ქართული ღრამატიკისა“. „ფონეტიკურმა მოვლენებმა“ „ს“-ს ამდენ ხანს „გააძლებინა“...

„აღდგა“-სთან და „აღჰსდგა“-სთან შედარებით „აღსდგა“ უფრო ადვილად გამოსათქმელია, თანაც ფონეტიკის მიხედვით „ღ“ და „ს“ ნაპრალოვანი ბგერები (სპირანტები) წარმოთქმისას თანხვედრაში (თანხმობაში) მოვიდნენ - ერთი მჟღერი სპირანტია, მეორე - ყრუ და „ღ“-დან „ს“-ში გადასვლამ საარტიკულაციო აპარატში (თავად სიტყვაშიც) შექმნა ბგერათკომპლექსი „ღს“, ანუ „ს“-მა მყარად მოიკიდა ფეხი უძველეს მართებულ სიტყვაში „აღდგა“.

სწორედ ამ საკითხს ვერ მიაქცია ყურადღება ვერც ერთმა ენათმეცნიერმა, „ს“-ი კი დღემდე მყარად იყო ჩაბუდებული „აღდგა“-ში.

ანტონისეულმა მრჩობელმა „ჰს“-მა აღდგომის საკითხთან დაკავშირებით თავისი გაურკვევლობით თითქმის დღევანდელობამდე მოგვიყვანა. საკითხის გაურკვევლობამ შექმნა ილუზია, რომ ეს „ს“-ი, ასე ვთქვათ „ქრისტესმიერია“, „საკრალურია“, „ფენომენალურია“, „მისტიკურია“, „ექსპრესიულია“, „მილოცვის ფორმულააო“ და გაუთვითცნობიერებული ფილოლოგები (პროფესორები, დოქტორები) იქამდეც კი მივიდნენ, რომ დასაშვებად ჩათვალეს „აღსდგა“-ს ხმარება ქრისტესთან, ანუ მხოლოდ ქრისტესთან ვიხმაროთო. რაც თავისთავად აბსურდია!

ამიტომაც დადის ხალხში არასწორი ვერსია, თითქოს გვაქვს ორი ფორმა - ერთი „აღდგა“ და მეორე - „აღსდგა“... ანუ ერთი ვითომ, გრამატიკული, მეორე კი - „ტრადიციული“. ეს არის წმინდა წყლის ილუზია იმის გასამართლებლად, რომ ვერც ერთმა ენათმეცნიერმა ვერ ამოხსნა ეს საიდუმლო და ეს საკითხი ასე დატოვეს...

ყველა, ვინც კი ამ საკითხს შეეხო, იშველიებდა მხოლოდ გრამატიკას (მორფოლოგია) და წყვეტდნენ ძიებას იქ, საიდანაც უნდა განეგრძოთ... ფონეტიკა არავის გახსენებია... ფონეტიკა, რომელიც სწავლობს სიტყვას, მის შინაარსს... ბგერებს, მათ წარმოქმნას, ადგილს და განლაგებას სიტყვაში, მათ ურთიერთდამოკიდებულებას... „რამეთუ პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“...

სიტყვა „აღდგა“ უძველესი და მართებულია. იგი ასახავს ქრისტეს აღდგომას და ითვლის ბევრ საუკუნეს. ნახსენებია მრავალ უძველეს საეკლესიო ნაწერში! ლოგიკური და რეალურია აზროვნებითაც (მსჯელობით). ქრისტე არავის ნინ არ აღსდგა. იგი აღდგა, - გაცოცხლდა - გამთლიანდა სული და სხეული! და სწორედ ეს არის ძირითადი გაგება, რასაც ჰქვია აღდგომა! ცხადია, სიტყვა აღდგომა - აღდგა - დანაა!

აშკარაა, რომ ეს არის მართებული! ეს არის ჭეშმარიტება, რაც უძველესი საეკლესიო წყაროებითაც დასტურდება, - ნაწამები, ჯვარცმული სხეული უძლური და განმხოლოებული აღდგა, გამთლიანდა, გაცოცხლდა! – „ცხადია, რომ უფლის აღდგომა მისი გაუხრწნელებელი სხეულისა და სულის შეერთება იყო, რადგან ესენი იყვნენ გაყრილნი“. - წმინდა იოანე დამასკელი აღდგომის შესახებ... და ეს ქვაკუთხედია! მას ზუსტად და ლაკონიურად აქვს განმარტებული პროცესიც, მცნებაც და აღდგომის არსიც... სწორედაც, ხორცისა და სულის შეერთებამ აღადგინა ქრისტე, ანუ აღდგა, გამთლიანდა, გაცოცხლდა!

„აღსდგა“-ს დამკვიდრებას ასევე, ხელი შეუწყო ზოგი ენათმეცნიერისა და მწერლის დაუკვირვებლობამ და მართლმადიდებლების შეცდომაში შეყვანამ. მაგალითად, ს.ხუნდაძე, რომელიც ამბობდა - „ხმა ს აუცილებელ საჭიროდ მიმაჩნია ზმნების სხვადასხვა ფორმებში კეთილხმოვანებისათვის.“ ფაქტობრივად ასეცაა, - „ღ“-ს და „ს“-ს თანხვედრამ მოგვცა ჰარმონიული ბგერათკომლექსი - „ღს“ და უფრო ადვილად და შთამბეჭდავად წარმოითქმის… მაგრამ ს.ხუნდაძის თეორიამ დაირღვა ქართული ენის წესი და აბსურდი უარყოფილ იქნა! სწორედ ამას უსვამდა ხაზს აკ. შანიძე - „არა, კათალიკოზისთვის ამ პრეფიქსს (ცალად ჰ-ს, ტყუპებად ჰს-ს) წმინდა მორფოლოგიური მნიშვნელობა არა აქვს: მისთვის იგი არც S2-ია და არც O3, არამედ რაღაც სამკაული, რომელიც საჭიროა ზმნის ფორმაში აკუსტიკური შთაბეჭდილების გასაძლიერებლად.

თუ არა ასე, სხვაგვარად ვერ ავხსნით ზმნის ფორმებსა და სახელებში კათალიკოზის მიერ ნახმარ ჰ-ს ან ჰს-ს“. აი, სინამდვილეში საიდან გაჩნდა „აღსდგა“, ზოგს რომ უძველესი ან პარალელური ფორმა ჰგონია.
ზოგი მწერლისა და პოეტის ვერსიებმაც აგვაცილა ჭეშმარიტების გზას... „აღსდგა“ აქვთ ნახმარი ვაჟა-ფშაველას, ი. გრიშაშვილს, გიორგი ლეონიძეს, ზ.გამსახურდიას... ბევრმა მართლმადიდებელმა იფიქრა, - რახან ზოგი პოეტი და მწერალი (ზოგი არც უკვირდებოდა ამას!) „აღსდგას“ ხმარობს, მართებულიაო... რაც სინამდვილეში არამართებულია! ისე, რომ პროპონენტების მიერ მწერლებისა და პოეტების ნათქვამებისა და მათი ავტორიტეტის მოშველიება არაფრის მომცემია, რამეთუ ეს ავტორიტეტიანი ადამიანები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ საკითხში კომპეტენტურნი არ არიან. ხალხსა და ქვეყანაში მათი ავტორიტეტი მათი შემოქმედებითაა.

ბევრმა აიტაცა ცხონებული გ.დოჩანაშვილის „ნათქვამი“ ამ საკითხთან დაკავშირებით და დოგმად აქცია. სინამდვილეში კი რაც მიაწერეს გ. დოჩანაშვილს, ეკუთვნის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელს გ.არგანაშვილს (რაც სულ ახლახანს გაირკვა), რომელმაც იოხუნჯა და ეს ნაოხუნჯარი გაავრცელა, მაგრამ რატომღაც მიაწერეს გ.დოჩანაშვილს. იმ დროს ჩემი მეცნიერული ნაშრომი უკვე გამოცემული იყო და ამდენად ეს ამბავი ჩემთვის მაშინ უცნობი იყო...

ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ბ-ნმა ოთარ ნიკოლაიშვილმა, რაზედაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ. ნაშრომში კი ისევე დარჩა, როგორიც იყო ვერსია...ძალიან ბევრი მართლმადიდებელი კი აჰყვა ამ ილუზიურ ვერსიას და ნამდვილ ჭეშმარიტებას და საქმის რეალურ არსს ვეღარ სწვდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველმა ქართული არ იცის... ბევრმა ელემენტარულიც კი...თორემ ამ არასწორ „თეორიას“, ანუ გ.არგანაშვილის ნაოხუნჯარს მიხვდებოდნენ! ხმა არც ენათმეცნიერებს ამოუღიათ... ალბათ, ცნობილი მწერლის ნათქვამი ეგონათ და მისი ავტორიტეტის გამო არაფერი თქვეს? დღეს ეს ფაქტი გახმაურებულია ბ-ნ ოთარ ნიკოლაიშვილის წყალობით.

ბევრი იმასაც ამბობს, - „ძველ ლოცვებსა და საგალობლებშიც „ს“-ა ნახმარი და იქაც ხომ არ გადავაკეთებთო“? ეს არ ეხება ამ საკითხს! ამ მკრეხელობას, რასაც ქრისტეს მიმართ ვიჩენთ! რასაც აღდგომასთან დაკავშირებით ვამბობთ! ზოგს აქვს ასოციაცია, რომ ქრისტე წამოიმართა და მაშინვე ზეცად ამაღლდა... არა! იგი თავდაპირველად გაცოცხლდა - აღდგა!

ზოგი ენათმეცნიერი თავის გასამართლებლად იმასაც ამბობს, ხალხია ენის შემქმნელიო... მაშ, როგორ მოვიქცეთ? „ხალხის“ რომელ ნაწილს მივანიჭოთ უპირატესობა, რომელიც ამბობს „აღდგა“-ს თუ „აღსდგა"-ს? რომელი ამათგანია „ენის შემქმნელი“? რომელია ამათში „ხალხი“? მაშ, რისთვის არსებობს „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისია“?!!! ეს საკითხიც ჩემი ნაშრომის მერე მოსაწესრიგებელია!

მართებული, ქრისტესმიერია, ქართულია აღდგა! მეცნიერულად ჩატარებული უზარმაზარი კვლევითა და შრომით დავამტკიცე, რომ მართებული, სწორი და ეკლესიურად უძველესი მცნება არის „აღდგა“, რაც შეეფერება ჭეშმარიტებას და ქრისტეს! „აღსდგა“ კი არის ზმნის დამახინჯებით მიღებული „ხელოვნური სიტყვა“, თანაც არა უძველესი, როგორც ეს ბევრს ჰგონია... მე-18 საუკუნეშია „შექმნილი“ და არა ადრე! არის არაქართული, არაეკლესიური, არაქრისტესმიერი, პირიქით, ქრისტეს შეურაცხყმყოფელი, გაუმართლებელი და მისი ხმარება მხოლოდ იმიტომ, რომ „ღს“ უფრო მჟღერად, მელოდიურად გამოითქმის, ყოვლად მიუღებელია! აბა, დაფიქრდით?! რას იცავთ? ჭეშმარიტებას თუ არაჭეშმარიტებას?!!!

ჭეშმარიტება დადგენილია! აღდგენილია! უფრო ვრცელი მსჯელობა და უამრავი უძველესი საეკლესიო დამამტკიცებელი მასალა და ფაქტი შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ნაშრომში - იოსებ (სოსო) ლებანიძე - „ქრისტე აღდგა თუ „აღსდგა“, სადაც რეალური მსჯელობით დამტკიცებულია ჭეშმარიტება - ქრისტე აღდგა ! წიგნი დაიბეჭდა ქ.თბილისის ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის ლოცვა-კურთხევით. წიგნი შეგიძლიათ მოიძიოთ პარლამენტის ეროვნულ (საჯარო) ბიბლიოთეკაში.

მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ქართველობის სამი საუნჯიდან - მამული, ენა, სარწმუნოება - ერთ-ერთია და სათანადო ყურადღებას იმსახურებს და არა ზოგიერთის ჯიქურ დავას! ეს საკითხი ვიღაცას ხომ უნდა ამოეხსნა? ჰოდა! ამოვხსენი! მადლობა ყურადღებისა და ჭეშმარიტების მხარდაჭერისათვის!“ - ამბობს სოსო ლებანიძე.