ქართული ბიზნესის გამოფენა „Axis Towers-ში“ - ის, რაც ცნობილ ბიზნესმენებზე არ ვიცით

აქსისი

უკანასკნელი 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ განებივრებულნი ვიყავით ძალიან საინტერესო ადამიანებით, რომლებიც ბიზნესს აწარმოებდნენ, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში ბიზნესისადმი აღქმა შეიცვალა. ამის გამო, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოშიც ბიზნესის შესახებ ორგვარი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ხანდახან ვფიქრობთ და გვესმის კიდეც, რომ ბიზნესი შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს.

„Axis Towers-ის“ ავტორებს სურთ, წინ წამოსწიონ ბიზნესის, როგორც დოვლათის შემქმნელისა და დამატებით, სოციალური დანიშნულების მატარებლის როლი; წინ წამოსწიონ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს სამუშაო ადგილები და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენთვის ასე ძვირფასია. ამ მხრივ, ქართველებს საქმე ძალიან საამაყოდ გვაქვს.

დავით სარაჯიშვილის შესახებ, კონიაკის წყალობით, ბევრმა ადამიანმა იცის. როცა მასზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მწერალთა სახლი, რომელიც თავდაპირველად სარაჯიშვილის სახლი იყო. ასევე, ხშირად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სარაჯიშვილს დიდ ბიზნესმენად წარმოაჩენს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სწორედ სარაჯიშვილი იყო პირველი, ვინც, გადაჭარბებული 9-10-საათიანი სამუშაო დროის ნაცვლად, 8-საათიანი სამუშაო დრო დააწესა; სწორედ სარაჯიშვილმა შექმნა უფასო სასადილოები და ბიბლიოთეკები მუშახელისთვის; სწორედ მან შემოიტანა ანაზღაურებადი შვებულება.

იმ დროს, სოციალური გადმოსახედიდან, ეს რევოლუციური ნაბიჯები იყო. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ იმ გარემოს, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია ადამიანების ღირსების დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. ეს იყო ბიზნესი არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მათი სურდათ, რომ საზოგადოება შემდგარიყო და თავი ჯანმრთელად, ბედნიერად ეგრძნო.

ამ ღირებულებების უბრწყინვალესი მაგალითია ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. სწორედ გრიგოლ კობახიძეა საახალწლო განწყობის მთავარი და პირველი სულისჩამდგმელი. მან შექმნა საახალწლო განათება და მინის გირლანდა, რომლის გარეშეც დღეს საახალწლო ნაძვის ხე არ არსებობს. ამასთან ერთად, ის იყო ძალიან დიდი ქველმოქმედი და მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნავდა რაჭის იმ პატარა სოფელზე, სადაც დაიბადა და იზრდებოდა.

ამ ღირებულებების ნათელი მაგალითია, ასევე, პრინცი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც აშშ-ში პარფიუმერიის პირველი წარმოება შექმნა. უნიკალური, გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელშიც შემდგომში პრინცი მაჩაბლის სუნამოები იყო მოთავსებული, ჯორჯ კობის მინის ქარხანაში დამზადდა.

ასე რომ, სულერთია, სად მოღვაწეობდნენ - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ეს ადამიანები ყველგან ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებდნენ.

გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვამაყობდეთ თითოეული ქართველით, რომელმაც რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ შესძინა სამყაროს, ამ გამოფენით, „Axis Towers-ის“ გუნდს სურს, ხაზი გაუსვას იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ ბიზნესმენები შრომობენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სამუშაო ადგილებს ქმნიან და იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ.

ამას ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „Axis Towers-ისთვის“, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სახელს ატარებს. „Axis Towers-ი“ სწორედ იმ ღირებულებებზე დგას, რომლებსაც ეს ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდნენ  და ამკვიდრებდნენ საზოგადოებაში. ასე ესმის „Axis-ს“ ბიზნესი.

გამოფენა, რომელიც „Axis Towers-ის“ გახსნის დღეს დაემთხვა, შავ კოშკში, ბიზნესცენტრის მეორე სართულზე იყო წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საგამოფენო ბილბორდებზე კიდევ ერთხელ გასცნობოდნენ ამ პატარა დეტალებს დიდი ადამიანების შესახებ. საუბარია იმ ინფორმაციაზე, რომელიც მშრალი ბიოგრაფიული ცნობების მიღმა იმალება და ხშირად ყველაზე უფრო საინტერესოა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას რეგულარული სახე ექნება. გარდა ამისა, ამ დიდი ბიზნესმენების სახელები „Axis Towers-ის“ შეხვედრების ოთახებს დაერქმევა.