გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
„ლაქტაცია დასასრულს უახლოვდება. მართალია, გვპირდებიან რომ უძილო ღამეებიც დასრულდება ამასთან ერთად, მაგრამ გული მაინც გვწყდება. ჩვენი პატარას მადლიერ და კმაყოფილ თვალებს ვიმახსოვრებთ, როდესაც ვხვდებით, მალე დასრულდება ყველაზე ტკბილი, ხან კი მტკივნეული და მკბენარა კავშირი. შვებით ღრმად ჩავისუნთქავ და ვიფიქრებ, მალე პირველი დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“,- ამ სიტყვებით გააცნო 27 წლის ახალგაზრდა დედამ ანა სარიშვილმა საზოგადოებას საკუთარი წამოწყება, რაც ლაქტაციის პერიოდში, დედების რძით სამკაულების დამზადებას უკავშირდება.
„პრაიმტაიმი“ უფრო ახლოს გაგაცნობთ ამ განსხვავებული მეთოდით სამკაულების დამზადების ინიციატორს. სარიშვილი გვეუბნება, რომ სამკაულების დედის რძით დამზადების იდეა თავად გაუჩნდა, რადგან საქართველოში აღნიშნულის შეძენის საშუალება არ არსებობდა.
- რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული მეთოდით სამკაულების დამზადება?
- მე თავად მყავს ორი შვილი, მესამე წელია უკვე უწყვეტად ლაქტაციის პროცესში ვარ. საკმაოდ რთული და ემოციური გზა გავიარე ორივე ბავშვთან ერთად და უკვე ბოლოს ვუახლოვდები. მინდოდა ამ ქვების დამზადება ჩემთვის, სამახსოვროდ. საკმაოდ ძვირი ღირს, საქართველოში არ აკეთებს არავინ. ამერიკაში კი ჩემი რძის გაგზავნა შეუძლებელია და დავინტერესდი, თუ შევძლებდი თავად შემექმნა ჩემთვის. შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემსავით ალბათ, ბევრია, ვისაც ექნება სურვილი და ჩემს მსგავსად, არ ექნება შესაძლებლობა, მასალა გააგზავნოს ამერიკაში.
- ვიცით, რომ ახალი წამოწყებაა, თუმცა არის უკვე სამკაულებზე მოთხოვნა?
- ყველა ქვეყანაში, სადაც ამზადებენ ამ ტიპის სამკაულებს, ძალიან დიდი მოთხოვნაა, ჯერ ჩვენთან არ ვიცი, როგორ იქნება ყველაფერი. დღეს პირველად გამოვაქვეყნე და დაინტერესება უკვე არის, ასე თუ ისე. ვნახოთ რა იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად.
- რამდენად რთულია დამზადების პროცესი?
საკმაოდ რთულია დამზადების პროცესი. მასალასთან მუშაობას ტექნიკა სჭირდება და დროც. 2-3 დღე შეიძლება, დასჭირდეს ერთი ქვის შექმნას. თითოეული ქვა უნიკალურია და საკუთარ ისტორიას ატარებს. სატარებლად უსაფრთხოა, ცხადია. თქვენი შეკვეთით დამზადებული ქვის ფერი, შეიძლება, განსხვავდებოდეს მოდელის ფერისგან, რადგან ყველა დედას განსხვავებული რძე აქვს.