საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროცედურული საკითხების განიხილებოდა.
„თითქმის 6-საათიანი სხდომა იყო, რომელიც ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამოვთქვით ჩვენი აზრები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვა იყო, მაგალითად, როგორ უნდა ჩატარდეს სინოდი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით. ასევე, შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხს, ამაზე მსჯელობა შედგება მომავალში, როდესაც კანდიდატებთან დაკავშირებული სინოდის სხდომა გაიმართება. ასაკი არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის საკითხს, დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე. მომდევნო სინოდის სხდომა სავარაუდოდ პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება. ამის შემდეგ კი იქნება გაფართოებული სხდომა, რომელზეც პატრიარქს ავარჩევთ“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.