პარლამენტთან უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლის პატივისცემის ნიშნად სოლიდარობის აქცია გაიმართა

პარლამენტი

საკანონმდებლო ორგანოსთან, უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლის პატივისცემის ნიშნად სოლიდარობის აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტთან საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა. დოლგოვმა გარდაცვლილ ქართველებს პატივი მიაგო და მათი სურათები გვირგვინით შეამკო. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

აქციას ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.

ცნობისთვის, ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში გუშინ დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.