ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან პროკურორებმა კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ოზურგეთი

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში,  ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორები  ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ მოსახლეობას, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებს,  ბაგა-ბაღების და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების  და  არსებული გამოწვევების შესახებ.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას და დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.