ნინო წილოსანი GM PHARMA-ს დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია

წილოსანი

სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად ყიდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდით წამლებს- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ.

წილოსანი ბიზნესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შესაძლოა მათთვის კომპანიის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა.

"რეფერენტული ფასების შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და ასევე წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ნორმალური მოგება და ამ პირობებში, 60-30 თუ რა პროცენტიც აქვს, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში.

ჩვენ გვესმის კითხვა, რომ თითქოს ეს კომისია რაღაცნაირად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რამე არის, რაც "გატორმუზებთ" იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ ფასად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინაპირობა. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი“,- აღნიშნა წილოსანმა.