ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ამ შედარებას ქართველი პოლიტიკოსი აკეთებს, თუ უცხოელი დიპლომატი შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აკეთებს ამ შედარებას, იქნება ეს ქართველი პოლიტიკოსი, თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეკითხვას, რა იყო დასავლელი პარტნიორების კრიტიკის, მათ შორის, აშშ-ის ელჩის და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველი, სადაც წერია შემდეგი - „კრემლის მიერ შთაგონებული“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი და ეს არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულების შემცირებას“.

„მე მგონი, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და მათ შორის, ელჩებმაც. საქართველოს შედარება რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მით უმეტეს, ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, რუსეთზე, ქვეყანაზე, რომელშიც არის ტოტალიტარული რეჟიმი; მეორე მხრივ, ვსაუბრობთ დემოკრატიულ საქართველოზე და ამის არდანახვა შეუძლებელია, რომ ასე იყოს და მე მიკვირს, ასეთი შედარებები რომ კეთდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან არის მიუღებელი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს “, – განაცხადა პაპუაშვილმა.