მზია ამაღლობელს 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

 მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზის სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი დაჯილდოებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ - ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამარჯვებული ჟურნალისტების წარმომადგენლებს ჯილდოები ვენაში, 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე 24 ოქტომბერს გადაეცემა