„მუსიკოსმა ძაღლის ნაკბენი არად ჩააგდო და გასტროლები გააგრძელა...“ - სპეციალისტის საგანგაშო გაფრთხილება ცოფის შემთხვევებზე

ცოფი

სპეციალისტების აზრით, ცოფის გავრცელება, მიუსაფარი ცხოველების უკონტროლოდ გამრავლებამ გამოიწვია და შესაძლოა, ინფექცია კვლავ გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცოფის გავრცელების წინააღმდეგ საკმაოდ რთული ანტიინფექციური სამუშაოები ჩაატარა, ცოფის შემთხვევა უკვე მარტვილშიც გამოვლინდა. აქ ცოფით დაავადებულმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბინა. მათ შორის, რამდენიმემ, დაკბენა საყურადღებოდ არ ჩათვალა და ვაქცინაცია დააყოვნა. ერთმა-ერთმა საერთოდ უარი განაცხადა ვაქცინაციაზე, მეორე კი თვალთახედვიდან გაქრა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია „კვირის პალიტრასთან“ ყვება,  რატომ არ ისურვეს დაკბენილებმა აცრა და ზოგადად, რა მდგომარეობაა მარტვილში ცოფის გავრცელების თვალსაზრისით.

- თავისთავად საგანგაშოა ის, რომ მიუსაფარი ძაღლი თუნდაც ერთი ადამიანის დაკბენის შემდეგ ისევ ქუჩაში რჩება. მარტვილის შემთხვევაში მიუსაფარმა ძაღლმა 22 ადამიანი დაკბენა და ისევ ქუჩაში იყო. ნუთუ, შესაბამის სამსახურებს არავინ შეატყობინა ამის შესახებ? რამდენი დღის განმავლობაში კბენდა ძაღლი ხალხს?

- დაკბენილების თქმით, ძაღლი დაახლოებით 2 დღის განმავლობაში იყო აგრესიული და კბენდა ხალხს. არა მხოლოდ კიდურებზე, ზოგიერთს მხარზეც კი შეახტა საკბენად. საბედნიეროდ, სეზონის გამო, ბევრს შედარებით სქელი ტანსაცმელი ეცვა, რამაც გარკვეულად დაიცვა ღრმა ჭრილობისაგან. თუმცა, აცრა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დროულად, 24 საათის განმავლობაში; მით უფრო, ქუჩის ცხოველთან დაკავშირებით, რომელზეც დაკვირვება შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც, ძაღლი ქუჩის იყო და ლეკვებიც იქვე ჰყავდა. ხალხი კი აპურებდა. ამიტომაც დაყოვნდა ვაქცინაცია, ძაღლის გაყვანა და დაკვირვება. რაღაც პერიოდში, ძაღლს ლეკვები მოჰპარეს და ხალხს ეგონა, რომ ამის გამო იყო აგრესიული. ამასობაში ლეკვები მალევე მიუყვანეს, ის კი მაინც იკბინებოდა.

- ალბათ, როგორც ხშირად ხდება, ლეკვები ახლომახლო ბავშვებმა წაიყვანეს, მათთან ერთად ითამაშეს, და შემდეგ დედას მიუბრუნეს. ცოფზე ვაქცინაციისთვის დაკბენისთანავე ბევრმა მიმართა?

- ნაწილმა მაშინვე მიმართა. ვინც იყო ინფორმირებული და ვინც იცოდა, რომ ქუჩის ცხოველის დაკბენისას ვაქცინაცია უალტერნატივოა. ნაწილმა სამი დღის განმავლობაში მიმართა, როდესაც ცხოველი ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მოკვდა კიდეც. მათ შორის ორმა პიროვნებამ კი საერთოდ უარი განაცხადა ვაქცინაციაზე, - არ მაწყობსო... მეორე კი უბრალოდ, თვალთახედვიდან გაქრა.

- ეს ხალხი ვინ არის? ან ცოფიანი ძაღლის დაკბენაზე ინფორმაცია რატომ არ გააჩნდათ?

- ვერ გეტყვით. თუმცა, ერთ-ერთი სამწუხაროდ, ხშირად ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ არის. მეორე კი ახალგაზრდა მუსიკოსია, თავისი ინსტრუმენტებით მუნიციპალიტეტებში დადის. ამჯერადაც ასე მოიქცა, ძაღლის ნაკბენი არად ჩააგდო და გასტროლები გააგრძელა... წაიკითხეთ სრულად