მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და განახლებულმა ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და განახლებულმა ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს საბავშვო ბაღების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშობლებისთვის და მათი ყოველდღიური კომფორტისთვის, არამედ განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების სოციალიზაციის, მათი ჰარმონიული განვითარებისა და სწორი აღზრდის პროცესში. საბავშვო ბაღების მშენებლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებს დაახლოებით 30 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი მოვინახულეთ, რაც ამ მასშტაბური პროცესის ნაწილია” -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტეში ახალი საბავშვო ბაღების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა და სრულად განახლებულმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები უკვე მიიღო. განხორციელებული პროექტები სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

დასრულებულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გოგი აბუაშვილთან და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

სახელმწიფოს დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის N3, სოფელ ძეგვისა და სოფელ საგურამოს საბავშვო ბაღებს, ხოლო სოფლებში - ჩარდახსა და პატარა ქანდაში - ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები აშენდა.

სოფელ ჩარდახსა და პატარა ქანდაში აშენებული ახალი ბაღები 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები მოიცავს სასწავლო, საძინებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, სამზარეულოს, შიდა და გარე სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედანსა და რეკრეაციულ სივრცეს. პროექტები სრულად შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების და ინკლუზიური განათლების სტანდარტებს. პატარა ქანდის ბაღის მშენებლობა 1.2 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო ჩარდახის - 1.3 მილიონი ლარით.

სოფელ საგურამოს 125 ბავშვზე გათვლილი ბაღი სრულად განახლდა. 3.2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მოიცავდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას - უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობისა და საკანალიზაციო სისტემების განახლებას, ასევე საგანმანათლებლო, დასასვენებელი და სათამაშო სივრცეების მოწყობას.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის N3 ბაგა-ბაღსა და სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღს.  თითოეული ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე დაწესებულებაში სრულად განახლდა სასწავლო და სათამაშო გარემო, სამზარეულო, სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურული სისტემები. მცხეთის N3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია 3.3 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო ძეგვის ბაღის - 4 მილიონი ლარით.

ახალი და განახლებული საბავშვო ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და სრულად უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, პროექტებზე მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება -უახლოეს დღეებში მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს ახალ ტენდერებს 60-მდე  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

,,ჩვენი მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები და მოთხოვნა ეტაპობრივად და სრულად დავაკმაყოფილოთ უახლოეს პერიოდში”-აღნიშნა მინისტრმა.