მცხეთა, მეორე იერუსალიმი - ზამთრის სუსხიან დღეს, 25 დეკემბერს, 44 წლის ილია შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტზე ავიდა

სვეტიცხოველი

მცხეთა, მეორე იერუსალიმი - ადგილი, სადაც 1 700 წლის წინ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

სვეტიცხოველი, 1977 წელი. საბჭოთა საქართველოში რელიგიური გავლენების შიში მეფობდა.

ზამთრის სუსხიან დღეს კი, 25 დეკემბერს, 44 წლის ილია შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტზე ავიდა - გამბედავი ხალხით სავსე სვეტიცხოველში, იმედით სავსე ტაძარში აღსაყდრდა.

დღეს აქ დროშები ყველაზე უფრო დაშვებული ჩანს, გლოვა ჩუმი - პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა. წავიდა და ზუსტად იმდენი სიყვარული დატოვა, რამდენიც ცრემლი.

მცხეთა გამორჩეულად უყვარდა, უყვარდა ბევრი რამის გამო.

პატრიარქი მცხეთის განაპირას, მშობლების სახლში ხშირად მიდიოდა. მისი ფანჯრიდან ალბათ ჯვრის მონასტერიც მოჩანდა, სადაც ეპისტოლეებს და ქადაგებებს წერდა.

ეს სახლი წლების წინ საპატრიარქოს გადაეცა. ახლა აქ მამათა მონასტერია.

დეკანოზი ალექსანდრე პატრიარქის ძმის შვილიშვილის მეუღლეა. გვიყვება, როგორი იყო უწმინდესი ოჯახურ გარემოში.

პატრიარქს სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იხსენებს: ერის მამობამდე იყო გრძელი გზა. სულიერი ზრდა აქ დაიწყო - მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში. მისი ნათლია დედა ზოილე იყო, იმ დროს მონასტრის წინამძღვარი.

მონასტერში იმერეთიდან ჩამოსული მგალობლები დაგვხვდნენ. პატრიარქის პანაშვიდიდან მოდიოდნენ. სამებაში ვერ შეძლეს და პატრიარქს აქ უგალობეს.

სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ოჯახის წევრების საფლავებია. აქ არის დაკრძალული მისი ძმა, ვიქტორ შიოლაშვილი - ბერი გიორგი, მონაზონი ანა, პატრიარქის რძალი, დედა ზოილე, უწმინდესის ნათლია და კიდევ ბევრი ნათესავი...

და ბოლოს, მცხეთის ჯვარი - მონასტერი გოლგოთად წოდებულ მთაზე.

პატრიარქის ეპისტოლეების უმრავლესობა აქ დაწერილა, მათ შორის ბოლო, სააღდგომო ეპისტოლე.

უწმინდესისთვის ახლაც კელია მზადდებოდა - პატრიარქი ჯვრის მონასტერში უნდა მისულიყო, ალბათ წელსაც აქ დაწერდა სააღდგომო ეპისტოლეს.

მცხეთა, მეორე იერუსალიმი, ახლა მთავარეპისკოპოსის გარეშე დარჩა. გლოვობს სრულიად საქართველო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იმხელა სიყვარული დატოვა, რამხელაც მადლი.