1732386875
„მსახიობი ვარ, პედაგოგი, მეც მაქვს სახელი, გვარი და პროფესია, მაგრამ მაინც ფაჩულიას სიდედრით მომიხსენიებენ“ - ზეინაბ დვალიშვილი
როგორ არ წარმიდგენია ჩემი რესპონდენტები - ცნობილი მსახიობი, გამოჩენილი მხატვარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, მრავალშვილიანი დედა, მაგრამ ცნობილი სპორტსმენის ცნობილი მსახიობი სიდედრის წარდგენა პირველად მიწევს. ჩემი რესპონდენტი მსახიობი ზეინაბ დვალიშვილია, ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას სიდედრი....
გთავაზობთ ამონარიდს „კვირის პალიტრის“ ინტერვიუდან
- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" უფრო ცნობილი გავხდი, მაგრამ გული მწყდება, რომ სოხუმის თეატრში მუშაობის დროს, 1977-84 წლებში, 30 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და არავის ახსოვს. ჩემი ყველაზე საყვარელი როლი გიჟი მარგო იყო, "მარადისობის კანონში", რომელიც გიზო ჟორდანიამ დადგა. ის ჩემი პედაგოგი იყო თეატრალურ ინსტიტუტში. ამ სპექტაკლით გაიხსნა სოხუმის ქართული თეატრი.
- ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები სუხიშვილებზე და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი, მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.
მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. მე თმის რკალურას ვატარებ, რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძესიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად. ადამიანს თუ იუმორი არა აქვს, არ შემიძლია მასთან ურთიერთობა. ამაშიც გავუგეთ სიძე-სიდედრმა ერთმანეთს.
- როგორ მოგმართავთ?
- "ერთადერთი სიდედრი" - ასე მეძახის. "ბურთი და მოედანში" ასე იხსენიებს იპოლიტე ხვიჩია თავის სიდედრს და იმავე ინტონაციით იმეორებს ზაზაც.
- სადმე რომ იგებენ, ფაჩულიას სიდედრი ხართ, რას ამბობენ?
- "ფაჩულიას სიდედრი" - ახლა ასე მიცნობენ. მსახიობი ვარ, პედაგოგი, მეც მაქვს სახელი, გვარი, პროფესია, მაგრამ მაინც ფაჩულიას სიდედრს მეძახიან. მოკლედ, სიძემ დამჩრდილა.
- საუბარი თქვენი სამსახიობო კარიერით, აფხაზეთში გატარებული წლებით დავიწყეთ. მიამბეთ მასზე...
- ხანდახან მგონია, ყველაფერი სიზმარში ვნახე... საოცარი წლები იყო... საოცარი რეჟისორები იყვნენ. მახსოვს, გოგი ქავთარაძემ მოიწვია ჩეხი რეჟისორი პიტერ ოპალენი, რომელმაც "შეცდომის უფლება" დადგა. მოკლედ შინაარსი ასეთი იყო: ქარხნის ნარჩენები მდინარეში ჩადის და თევზები იწამლებიან, ნადგურდება ფლორა და ფაუნა. ეს მაშინ საბჭოთა ადამიანისთვის ისეთი უცხო იყო, არ გვესმოდა, ეკოლოგიური თემა რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა. სადმე რომ მოხვდებოდით კოლეგები ან ბიჭები დაპატიჟებდნენ დასალევად პიტერს, 1-2 ჭიქის მერე სასტიკად აგინებდა რუსებს და ყვიროდა, ვერ ვიტანო. ჩვენ გვიკვირდა... 1978 წელს რუსეთმა გადაგვიარა და ტანკები შემოიყვანა ჩეხოსლოვაკიაში. იცი, რა ბიჭები გაგვიწყვიტესო?! სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მამა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები“ - ბარბარე ჯანაშიას ვიდეომ მაყურებელიც აატირა