„მოერიდეთ პერსონალიზირებულ ნივთებს... ნუ მისცემთ ბავშვებს ელექტროშოკს“ - როგორ დავიცვათ არასრულწლოვნები შესაძლო მოძალადეებისგან

sexdzaladoba

ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტული პირები ბავშვებს ედევნებიან და მათთან გამოლაპარაკებას ცდილობენ. იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს გაყოლის სანაცვლოდ ტკბილეული და ფულიც შესთავაზეს. 

ექიმი არჩილ მარშანია გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება დავიცვათ.

„რამდენიმე სტატუსი შემხვდა იმაზე, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები ცდილობდნენ ბავშვები მოტყუებით სადღაც წაეყვანათ. წარმოდგენა არ მაქვს, სიმართლეა თუ არა, რა მოხდა და როგორ, სტატისტიკურადაც მსგავსი დანაშაულები საბედნიეროდ, იშვიათია, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეიძლება დავიცვათ არასრულწლოვნები უცხოებისგან და ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე.

შემთხვევები ერთნაირი არ არის, ამიტომ სხვადასხვა ასაკისთვის და სხვადასხვა შემთხვევებისთვის გაგიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის, თქვენ რომელსაც ჩათვლით საჭიროდ და ფიქრობთ, რომ უფრო გამოსადეგი თქვენთვის ის გაითვალისწინეთ:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, რაც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს:

როდესაც არიან თქვენს გარეშე, მარტო, არ ესაუბროთ უცხოებს, არ გაჰყვეთ მათ არსად, არ გამოართვან საჩუქარი/ტკბილეული. არასდროს, არანაირ შემთხვევაში.

თუ ბავშვები სახლში რჩებიან მარტო, ასევე ასწავლეთ, რომ არასდროს, არანაირ შემთხვევაში კარი არ გაუღონ უცხოებს და თუნდაც ნაცნობისთვის კარის გაღების ნებართვა ყოველთვის აიღონ თქვენთან ზარის განხორციელების შემდეგ;

აუხსენით ბავშვს, რომ გარეგნობას და ჩაცმულობას ან საუბრის მანერას არ აქვს მნიშვნელობა.

ბავშვები თუ არიან მარტო ეს წესი უნდა დაიცვან. (ხშირად ბავშვები ერიდებიან 'აგრესიული' გარეგნობის ადამიანებს, თუმცა სტატისტიკურად უმეტესობა მოძალადე, 'ნორმალური' გარეგნობით და ჩაცმით გამოირჩევა);

აუცილებლად უთხარით, რომ ენდონ საკუთარ გრძნობებს და ინსტინქტებს, თუ ვინმესთან ან რაიმე სიტუაციაში თავს გრძნობენ არაკომფორტულად და აქვთ საფრთხის შეგრძნება, აუცილებლად გაერიდონ და ითხოვონ დახმარება;

მოერიდეთ პერსონალიზირებულ ნივთებს. ნუ დააწერთ ბავშვის სახელს ღიად ჩანთაზე, მაისურზე, სამკაულებზე და ა.შ. (მოძალადეების მხრიდან, ნდობის მოსაპოვებლად და ფამილარობისთვის სახელით მიმართვაც გამოიყენება ხოლმე);  კარგი იდეაა თუ გექნებათ „საოჯახო კოდი“, ადვილად დასამახსოვრებელი სიტყვა: თუ ვინმეს სთხოვთ/დაიქირავებთ ბავშვის სახლში მოსაყვანად, მან უნდა იცოდეს კოდი, შესაბამისად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამ კოდის ხსენების გარეშე არ გაჰყვება არავის;

თუ ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა პირდაპირ საუბარი არ შეუძლია, საუბრისას შეუძლია გამოიყენოს კოდური სიტყვა. (კოდური სიტყვების შეთანხმებას სჭირდება მუდმივი გამეორება, თვეში ერთხელ გაიმეორეთ ოჯახში და გაიხსენეთ, რა არის სიტყვა და როგორ იქცევით);

აუხსენით ბავშვს, რომ საიდუმლოს შენახვა უცხო ადამიანისგან, ან სხეულთან შეხების შესახებ დაუშვებელია (მოძალადეები ხშირად იყენებენ ამ ტაქტიკას, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემდეგ, ეუბნებიან რომ ეს მათი საიდუმლოა და უნდა შეინახონ);

აუხსენით ბავშვს, თუ ფიქრობს, რომ მას მანქანა აედევნა, სასწრაფოდ გაიქცეს მანქანის საპირისპირო მიმართულებით და ითხოვოს შველა (თუ მართლა ადევნებასთან გვაქვს საქმე, ამ ტაქტიკით შეიძლება დროის მოგება, სანამ მანქანა დატრიალდება)

აუხსენით ბავშვს, რომ თუ გრძნობს საფრთხეს და თუ უცხო ადამიანი მაინც აგრძელებს მასთან კომუნიკაციას, არ უნდა მოერიდოს და იყვიროს რაც შეიძლება ხმამაღლა, დაარტყას, უკბინოს, თუ ეს ხდება სადმე დიდ მაღაზიაში გადმოყაროს ნივთები სტენდიდან, რომ მიიქციოს ყურადღება და ა.შ. მოკლედ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოიცილოს მოძალადე და მიიქციოს ყურადღება: „მიშველეთ!“ „თავი დამანებე, მე შენ არ გიცნობ!“ და ა.შ.

აუხსენით, რომ დაკარგვის შემთხვევაში, მიმართოს პოლიციას.

თუ პოლიციელი არ ჩანს სადმე, საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტი დახმარების სათხოვნელად არის ქალი ან კაცი ბავშვთან ერთად, ამიტომ შეარჩიოს დედა/შვილი ან ოჯახი პირველ რიგში, შევიდეს მაღაზიაში და იქ მომუშავე პერსონალს სთხოვოს დახმარება და შემდეგღა განიხილოს სხვა ვარიანტები.

ნუ მისცემთ პატარა ბავშვებს პეპერ-სპერეის ან ელექტროშოკს (მათ გამოყენებას უნდა ცოდნა და „სქილები“, ამიტომ პატარა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს. უფროს ასაკში ყოველთვის კარგია მათი თან ქონა, მთავარია, გვახსოვდეს, რომ ელექტროშოკს ალბათ პეპერსპრეი ჯობს, ის უნდა იყოს ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე და არავის უნდა უთხრათ, რომ გაქვთ)

თუკი ბავშვს უწევს მარტო მგზავრობა უთხარით, რომ შეარჩიოს ოჯახები და მათთან ახლოს დაჯდეს; ასწავლეთ ბავშვებს, რომ ლიფტში შევიდეს მხოლოდ მეგობრებთან ერთად, ან დაემგზავროს ოჯახებს.

ბავშვებს ასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომრები ზეპირად (ხანგამოშვებით გაამეორებინეთ ხოლმე).

100% ეფექტურობის არც ერთი რჩევა არ არსებობს, თუმცა ამ რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება, რომ ბავშვები იყვნენ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და თავიდან აიცილონ თუნდაც დაბალი ალბათობის მაგრამ საშინელი საფრთხე.“ - წერს არჩილ მარშანია.