„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ 8 წლისაა

საყდირისი

„საყდრისის კომიტეტი“ 8 წლისაა! 2014 წლის 14 აპრილს ახლადშექმნილი მოხალისე მოქალაქეების გაერთიანება „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“ (საყდრისის კომიტეტი) „კარვების აქციით“ საყდრისში ჩავიდა.

ამ დღიდან დაიწყო მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს - საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენისთვის უპრეცედენტოდ ხანგძლივი ბრძოლა, რომელმაც 13 თვეს გასტანა. (2015 წლის მაისამდე) სწორედ 14 აპრილიდან იწყებს 8- წლიანი ისტორიის ათვლას „საყდრისის კომიტეტი“.

ამ ხნის განმავლობაში, მოხალისეთა ბრძოლის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ფიტარეთისა და სათხის მონასტრებში, ასევე ხულუტის ციხე-დარბაზსა და ანანურის ციხე-კომპლექსში, მათი ინიციატივითა და ჩართულობით, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დიდი ბიზნესისგან დაცვის მიზნით, „საყდრისის კომიტეტმა“ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი აქტივობა განახორციელა: მოახერხა მუზეუმ-ნაკრძალ მცხეთაში საჰაერო ტაქსების აეროდრომის მშენებლობის შეჩერება 2015 წელს; (მშენებლობა დღემდე შეჩერებულია) 2019 წ. აპრილში შეაჩერა მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში სასტუმროს უნებართვო მშენებლობა; ასევე, 2019 წ. ოქტომბერში, თეთრიწყაროში მდებარე ბარათაშვილების სახლს, კომიტეტის წევრების აქტიურობის შედეგად, ჯერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო შემდგომში, გააპროტესტეს რა ძეგლში სახინკლის გახსნის მცდელობა, მათ მოახერხეს ძეგლის ამოღება საპრივატიზაციო ნუსხიდან. 2021 წ. აგვისტოში, „საყდრისის კომიტეტის“ 5-წლიანი ბრძოლისა და სპეციალისტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ძეგლის გადარჩენის მიზნით, განხორციელდა საქართველოში უპრეცედენტო ოპერაცია - მე-17 საუკუნის „აბულმუგის აბანოს“ გადატანა სამთო წარმოების ზონიდან მისთვის უსაფრთხო ადგილას.

„საყდრისის კომიტეტის“ ანგარიშზეა ასევე საქართველოში პირველი კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი
(2019 წ.) და არაერთი შემეცნებითი ონლაინ პროექტი, მათ შორის საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული „ქართული კოლექციები საზღვარგარეთ“ და „უცნობი ქართველი ოსტატების კვალდაკვალ.“

„საყდრისის კომიტეტის“ სახელს უკავშირდება ქვემო ქართლის რეგიონში 2018-2021 წლებში სამთო წარმოების შედეგად რთული ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

2021 წ. სექტემბერში, საქმიანობის მასშტაბების გაფართოვებასთან ერთად, “საყდრისის კომიტეტმა” საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის ახალი ლოგო და სახელწოდება - "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის."

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) კვლავაც რჩება ორგანიზაციად, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვა-შენარჩუნებისთვის იბრძვის.