მოძღვარი განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, სანამ შვილის ნათლიას შეარჩევს

მოძღვარი

დეკანოზი ბასილ ფოსური გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს,  რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვიდრე ნათლიას შეარჩევენ:

„მშობელმა კარგი იქნება გაითვალისწინოს, რომ შვილს მორწმუნე ნათლია შეურჩიოს. ნათლიობის მიზანი დანათესავება არ არის. დანათესავება ბუნებრივი შედეგია და ეს ნათესაობა ძალიან წმინდაა. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ის თავის საქმეს, ჩვენი შვილისთვის რამდენად გვერდში მდგომი ადამიანი აღმოჩნდება. შეიძლება, ჩვენ ძალიან კარგი მეგობარი გვყავდეს, მაგრამ, ცურვა არ იცოდეს. ჩვენ ხომ ვერ ჩავაბარებთ ბავშვს მას, რომ ცურვა ასწავლოს. არ იცის და როგორ უნდა ასწავლოს? კი, კარგი მეგობარია, მაგრამ, თუ უცხო ენა არ იცის, ჩემს შვილს როგორ ასწავლის? ამიტომ, ისეთი ადამიანი უნდა შევარჩიოთ, რომ ეკლესიურად ცხოვრობდეს, აღსარებას ამბობდეს, ესმოდეს ქრისტიანობის მნიშვნელობა".