1785357624
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მყოფი თავშესაფრის (Asilo) მაძიებლებისთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მყოფი თავშესაფრის (Asilo) მაძიებლებისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე წერს.
„ბოლო პერიოდში ბევრ ემიგრანტს აქვს კითხვა, რა შეიცვალა იტალიაში აზილოს პროცედურებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ:
აზილო არ გაუქმებულა. შეიცვალა გარკვეული წესები და დაემატა ახალი მიდგომები, რომლის მიხედვითაც თითოეული ადამიანის საქმე ფასდება
ინდივიდუალურად, მისი პირადი მდგომარეობის, დოკუმენტების,
ისტორიის და საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით.
იტალიაში საერთაშორისო დაცვის პროცედურებზე ახალი ევროპული წესების შესაბამისად განახლდა პროცედურები და შეფასების პრაქტიკა.
რა არის C3?
C3 არის ოფიციალური ფორმა, რომლითაც იტალიაში რეგისტრირდება თავშესაფრის მოთხოვნა. ამ ეტაპზე იწერება ადამიანის მონაცემები, მისი მდგომარეობა და ის მიზეზები, რის გამოც ითხოვს საერთაშორისო დაცვას.
რა ხდება ახლა C3-ზე?
დღეს ბევრ შემთხვევაში ადამიანი C3-ის ეტაპს უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ადრე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პროცესი დასრულებულია ან ყველა ადამიანს ერთნაირი შედეგი ექნება.
ახალი წესების მიხედვით, საქმეები უფრო მეტად განიხილება ინდივიდუალურად. ამიტომ ერთი ადამიანის გამოცდილება არ შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს ყველა სხვა ადამიანზე.
ასევე ყურადღება მიაქციეთ: C3-ის გაკეთების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს პრაქტიკაში შეიძლება ჰქონდეს სირთულეები:
Codice Fiscale-ის,
სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტების ან კონტრაქტის საკითხებში, სანამ მისი საქმე შესაბამის ეტაპზე არ გადავა და საჭირო საბუთები არ ექნება.
მნიშვნელოვანია:
აზილოს თემაზე ზოგადი საუბარი ხშირად იწვევს არასწორ ინფორმაციას. ყველა ადამიანის მდგომარეობა განსხვავებულია — განსხვავდება ქვეყანა, მიზეზები, დოკუმენტები და პირადი ისტორია
ვინც იტალიაში ითხოვს საერთაშორისო დაცვას,
უნდა მიიღოს ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან და საკუთარი საქმის მიხედვით იმოქმედოს.
გთხოვთ, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათ, ვისაც სჭირდება, რათა ემიგრანტებმა იცოდნენ რეალური მდგომარეობა და არ ენდონ ჭორებს“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე.












