1773863331
მისი დეფიციტი პირდაპირ აისახება თავის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე - რის შესახებ გვაფრთხილებს ექიმი
წყლის არასაკმარისი მიღება და ერთბაშად დიდი რაოდენობით სითხის დალევა ჯანმრთელობისთვის ერთნაირად პრობლემურია და შესაძლოა თავბრუსხვევის მიზეზად იქცეს. ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს გადაცემაში პირადი ექიმი მარი მალაზონია.
მისი განმარტებით, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთბაშად დიდი რაოდენობით წყალს სვამს, სისხლში ნატრიუმის დონე შეიძლება სწრაფად შემცირდეს, რაც სხვა სიმპტომებთან ერთად თავბრუსხვევას იწვევს. სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ პრობლემა არ უკავშირდება ერთი ჭიქა წყლის დალევას, არამედ დიდ მოცულობას მოკლე დროში მიღებას.
ამასთან, მალაზონია აღნიშნავს, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარებაც ასევე ზრდის თავბრუსხვევის რისკს, რის გამოც ორგანიზმის ჰიდრატაციის ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ექიმი ყურადღებას ამახვილებს იოდის მნიშვნელობაზეც და განმარტავს, რომ მისი დეფიციტი პირდაპირ აისახება თავის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, საქართველოში ნიადაგისა და წყლის იოდით სიღარიბის გამო, ბაზარზე ძირითადად იოდიზირებული მარილი იყიდება, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტის შევსებას ემსახურება.
ამასთან, სპეციალისტი აფრთხილებს, რომ მარილის ჭარბი მოხმარება ასევე შეიძლება გახდეს თავბრუსხვევის მიზეზი. მისი თქმით, დიდი რაოდენობით მარილი იწვევს სითხის შეკავებას, არღვევს მინერალურ ბალანსს და გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, რაც საბოლოოდ თავბრუსხვევით შეიძლება გამოვლინდეს.
ექიმის რეკომენდაციით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია როგორც წყლის, ისე მარილის მიღების ზომიერი და დაბალანსებული კონტროლი.











