მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ 10 წლის შედეგები შეაჯამა

მიხეილ სარჯველაძე

„10 წელი საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დაწყებიდან“, - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ, 10 წლის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც პროგრამის დაწყებაში, ისე მის განვითარებაში. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.