1758053825
ლევან მახაშვილი: მივესალმებით ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში რადიკალიზმისა და ძალადობრივი ენის გავრცელების შეფერხებისკენ

ამერიკის ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რადიკალიზმის, ძალადობრივი ენისა და ძალადობრივი ქმედებების გავრცელებას ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში, - ასე ეხმაურება ლევან მახაშვილი აშშ-ში მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილებას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პარალელებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებთანაც ავლებს.
„რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში რადიკალიზმისა და ძალადობრივი ენის გავრცელების შეფერხებისკენ. სამწუხაროდ, გვაქვს მსგავსი მაგალითები. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მოტივაცია არის არა პოლიტიკურ დისკუსიებში კონსტრუქციის შემოტანა, არა ნორმალური, ცივილური საუბრები, არამედ ლანძღვა-გინება, სიძულვილის ენა, მივარდნები“, - აცხადებს მახაშვილი.
დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას, „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტმა მკაცრი რეკომენდაცია გასცა , რომ „ანტიფას“ დამფინანსებლების საქმიანობა საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.