"მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ..." - მამა ბენიამინის ბრძნული დარიგებები

mamao

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია, საპატრიარქოს ტელევიზიისთვის რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ადამიანის მთავარ ცოდვებზე საუბრობს. მოძღვარი ეხება ჩვენს დროებასაც. 

მამა ბენიამინი ბელქანია: ადამიანები დაავადებულნი არიან ერთმანეთის განკითხვით. სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო, ბოლო ოცდაათი წელიწადია, ერთმანეთის მიმართ ზიზღს განიცდიან. თუ ადამიანი მორწმუნეა,  როგორ შეიძლება, სკამების გამო არ დაინდოს ძმამ - ძმა, ერთმა მეორე ადამიანი?! როცა შენ მრევლი ხარ, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო, როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა - აგენტიაო? არასწორია. საქართველო ყველას უყვარს, მაგრამ ყველას თავისებურად. ზოგი ევროკავშირის მომხრეა, ზოგი ევრაზიის. მე ჩემს მრევლს ვეუბნები, რომ მათთვის - ევროკავშირისთვის და ევრაზიისთვის, მთავარი - მატერიალური კეთილდღეობაა. ამოღებულია სული. შენ თუ მორწმუნე ხარ, შენი თავი ქრისტეა. არც ერთი პოლიტიკური კავშირის თავი ღმერთი არ არის. ღმერთი რომ იყოს, მასმედიის საშუალებით ვერც ბილწსიტყვაობას დაინახავდით. კომუნიზმის დროს თუ ღმერთს პირდაპირ უარყოფდნენ, ახლა, დემოკრატიის დროს - კანონი დგას ღმერთზე მაღლა.

თავისუფლებას ზოგ ქვეყანაში იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ ორ კაცს შეუძლია ბავშვი აიყვანოს. მათი პროპაგანდა მიდის, ფესტივალებია, გამოსვლებია... მე მიყვარს მრუშიც, მეძავიც, ყაჩაღიც, ქურდიც, მაგრამ ისინი ლოზუნგებით ხომ არ გამოდიან, რომ მართლები არიან. მართალი მხოლოდ ღმერთია, სწორი სახარებისეული ცხოვრებაა. 

ღმერთის ხელშია კანონიც და საქართველოს კეთილდღეობაც, მაგრამ ჩვენში მეტი რწმენაა საჭირო. ყველაზე მეტი ცოდვა რაც საქართველოშია, ეს აბორტია. ამ დროს ეს ადამიანები სხვას განიკითხავენ, მკვლელიაო. მეტი რწმენაა საჭირო, რომ ჩვენი რწმენა ღმერთს დავამორჩილოთ. თავი უნდა გამოვისწოროთ და ღმერთს შევუდგეთ.

მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს მოვესწარი. ჩვენ ქართველებს გადარჩენის საშუალება გვაქვს. დღეს პატიმარს იმის საშუალება აქვს, რისიც მე გარეთ არ მქონია. ბევრი საბჭოთა კავშირის დროს ისე მოკვდა, ცოდვა რა იყო, არ იცოდა. დღეს ციხეებში ტაძრებია, შესვლის და აღსარების ჩაბარების საშუალება მაქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ ზოგიერთი ჩემი სულიერი შვილი ციხეში ზის. რატომ? იმიტომ რომ იქ ლოცულობს, მარხულობს, ეზიარება. რომ გამოდის ციხიდან, მათი დიდი ნაწილი ღმერთს ივიწყებს, ზოგი წამლით კვდება, ზოგი თამაშით ნადგურდება... საცდური გამრავლებულია. ადამიანი სუსტია და ვარდება საცდურებში. 

მოწყინება, მოწყენილობა საიდან მოდის? ადამიანს მადლი რომ აკლია, ღმერთი რომ არ არის მასში, "საშველს" ხედავს სასმელში, წამალში, თამაშში, მოგზაურობაში,  ანუ გარეგნულში. როცა შენთვის მთავარია მატერიალური, ვერასდროს ვერ კმაყოფილდები, სულში კი სიმშვიდე არ გექნება. 

ჩემ თავზე ვარ დაკვირვებული, დილით გულით და სულით თუ არ ვილოცებ, იმ დღეს მრისხანება მელის, შეიძლება ადამიანს რამე არასწორად ვუთხრა...

იმ მადლს, რასაც აღსარება-ზიარებით ვიღებთ, ყოველდღიური ლოცვა სჭირდება. როცა მადლია შენში, ყველაფერს უფრო ადვილად იტან. 

ინტერვიუს ვრცლად მოსმენის მსურველებს, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ. აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

"ქუდი მოიხადა, ვეცი და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! ან როგორ გავბედე?! აი, იქ ატყდა უბედურება!" - ამბები მამა გაბრიელზე

"ადამიანს ბოროტი შთააგონებს, გაიხსენოს წარსულში დაშვებული შეცდომები, რათა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს..." - როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს, წმინდა მამის რჩევა