მე-9 პატრიარქი, რომელიც სამუდამო განსასვენებელს სიონში დაიდებს - ილია მეორე მშობლიურ ტაძარს ხვალ დაუბრუნდება

სიონი

მისი ცხოვრება ლოცვა იყო, მისი სიტყვები გზის მაჩვენებელი, მსახურება კი - მთელი ერის სულიერი საყრდენი. ადგილი შერჩეულია - ილია მეორეს, სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ - იქ, სადაც ყველაზე ბევრჯერ ისმოდა უწმინდესის ხმა... ხმა, რომელიც სიონის კედლებში დღეს მდუმარე გლოვამ ჩაანაცვლა. დედა ეკლესია ხვალ გამორჩეულ შვილს ჩაიბარებს. სიონი ილია მეორის საყვარელი ტაძარი იყო და ასეთად დარჩა. დადგა დრო, როცა მიწიერი გზა სრულდება და მარადისობის კარიბჭე იღება.

პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით, საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ. შერჩეულია ზუსტად ის ტერიტორია, რომელიც თავად უწმინდესს სურდა. საკურთხეველთან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილი პირველმა სწორედ მოსაყდრე შიომ მოინახულა. კადრები, რომელიც ისტორიას დარჩება, "კურიერის" ობიექტივმა გადაიღო.

ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული, უკვე მომზადდა ილია მეორეს განსასვენებელი. ისტორია დაწერილია. პატრიარქისა და სიონის კავშირი იმაზე დიდია, ვიდრე სიტყვა, ემოცია და ფაქტი. 69 წლის წინ, სწორედ ამ საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა იეროდიაკონად. 1977 წლის 23 დეკემბერს კი სიონშივე, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.

მართლმადიდებლური სამყარო და ეკლესია იმ პატრიარქს გლოვობს, რომელიც სიონის ეზოში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში იმ დრომდე ცხოვრობდა, სანამ დღეს მოქმედი საპატრიარქო გაიხსნებოდა. ადგილი, რომელიც საქართველოს მტკივნეულ ისტორიას ინახავს, კიდევ ერთ დიდ ტკივილს ჩაიბარებს. ხვალ ამ სივრცეში დუმილი მძიმე იქნება, სიტყვები უძლური, ცრემლები კი - ყველაზე გულწრფელი.

ილია მეორე გახდა მე-9 პატრიარქი, რომელიც 93 წლის ასაკში, სამუდამო განსასვენებელს სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაიდებს. კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე და ახლა უკვე - ილია მეორე.

სიჩუმესა და სიწმინდეში, სამების შუაგულში ღირსეულად დაბრძანებულ პატრიარქს მთელი ქვეყანა გლოვობს. ერმა ერთიანობის მაგალითი აჩვენა. სამებასთან ერთად, მრევლი დღეს სიონშიც შეიკრიბა. იხსენებენ ისტორიებს, ემოციებს და ტაძრის საკურთხევლიდან უწმინდესის სიტყვებს, რომელსაც ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა.

საქართველომ პატრიარქს დღეს ყველაზე ხმამაღლა უთხრა სიტყვა, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი მის სამშობლოს ხშირად უმეორებდა. ამას სულიერ მამასთან დასამშვიდობებლად მისული, დაუსრულებელ რიგში მდგომი ადამიანების მდუმარე ხმაურიც ადასტურებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე სამებიდან მშობლიურ სიონს ხვალ დაუბრუნდება.