ლევან თაქთაქიშვილი: აღმოჩენილია 101 წლის წინ, ბათუმში დაბეჭდილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

levan taqtaqishvili

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, უნიკალური აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თაქთაქიშვილი წერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკას უნიკალური გამოცემა შეემატა.

ბიბლიოთეკამ შეიძინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, 1921 წლის 14 მარტს ბათუმში დაბეჭდილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღემდე, საქართველოს საცავებში დაცულ 3 უნიკალური ანალოგისგან იმითაა გამორჩეული, რომ ის ბრწყინვალედაა შენახული, აქვს ორიგინალი ყდა და არის სამსონ ფირცხალავას ნაქონი.

„მინდა გამცნოთ ამ საშინელი დღეების ფონზე ერთი სასიხარულო ამბავი! საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 101 წლის წინ, 1921 წლის 14 მარტს ბათუმში დაბეჭდილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღემდე საქართველოს საცავებში დაცულ 3 უნიკალური ცალიდან იმითაა გამორჩეული, რომ ის ბრწყინვალედაა შენახული, მას აქვს ორიგინალი ყდა, არის სამსონ ფირცხალავას ნაქონი და აწერია ბეჭდვის თარიღი: 1921 წლის 14 მარტი.

ეს არის დღემდე ცნობილი ცალიდან მეოთხე და პირველი უნიკალურად შენახული ცალი, მისი 2 ცალი ცხონებული გურამ შარაძის მიერ კიტა ჩხენკელის ოჯახიდანაა წამოღებული და ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს. დაცულია ეროვნულ არქივში.

მესამე შელახული ეგზემპლარი ინახება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საარქივო ფონდში. ეს ცალი კი იქნება დაცული წიგნის მუზეუმში. აღნიშნული ცალის გამოჩენა მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობის დაცვის კრიტიკულ პერიოდს გადის.

ეს მოვლენა იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი წინაპრები გვახსენებენ: საქართველო უპირველეს ყოვლისა! ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ახალი თაობის ორ იმედის მომცემ ახალგაზრდას: ლადო ბებიას და თამაზ გუჯეჯიანს ასეთი უნიკალური გამოცემის ბიბლიოთეკაში დაბინავების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“- ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.