პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როცა ამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების უსინდისობა მეცნიერული სიზუსტით დასტურდება და ამ სიტყვების გასამყარებლად მეცნიერ კაცს ერთი, თუნდაც, არამეცნიერული არგუმენტიც კი არ მოგყავს, ამას რა უნდა დავარქვა, არ ვიცი - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში გია დვალის ჩართვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უარგუმენტოდ საუბარი გვარამიას პარტიას სჩვევია, თუმცა, გია დვალი რატომ შეიძლება ლაპარაკობდეს უარგუმენტოდ, ამის ახსნა ძალიან რთულია.
„გუშინ ვუსმინე პპ დვალის ჩართვას „მთავარზე“ ნიკა გვარამიასთან. საუბრის შინაარსი გვერდზე რომ გადავდოთ, ეს ფაქტი თავის თავზე უკვე ყველაზე კარგად მეტყველებს. მეცნიერი და „მთავარი“ ან მეცნიერი და გვარამია ისეთივე შეუთავსებელი ცნებებია, როგორიც, მაგალითად სიმართლე და ნაციონალური მოძრაობა. რა თქმა უნდა, იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ისეთი მაღალკვალიფიციური მეცნიერი, როგორიც გია დვალია, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ან გულშემატკივარი გახდა. იმის გაფიქრება მით უმეტეს არ მინდა, რომ ის თავის თავს რამენაირად ამ პოლიტიკური ძალის ნაწილად შეიძლება მოიაზრებდეს. თუმცა, ფაქტია, რომ გია დვალის გუშინდელი განწყობა და საუბრის სტილი ამ პარტიის განწყობასა და საუბრის სტილს, სამწუხაროდ, ზუსტად იმეორებდა. ნაციონალურ მოძრაობას ერთი რამ ახასიათებს: ისე ხედავენ გარესამყაროს, როგორც თვითონ გრძნობენ თავს. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, რადგან თვითონ არიან კატასტროფულ მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობაშია მათი პარტია და ასეთ მდგომარეობაში არიან ამ პარტიის ლიდერები.
თუ არ ვცდები, ფსიქოლოგიის ენაზე ამას ტრანსფერს უწოდებენ. ნაციონალურ მოძრაობას რომ ტრანსფერი ალაპარაკებს, გასაგებია, მაგრამ ისეთ საკმაოდ წარმატებულ მეცნიერს, როგორიც გია დვალია, არა მგონია, ტრანსფერი ალაპარაკებდეს. ამ ფონზე, გია დვალის პათოსი მით უფრო გაუგებარია. უარგუმენტოდ საუბარი გვარამიას პარტიას სჩვევია, თუმცა, გია დვალი რატომ შეიძლება ლაპარაკობდეს უარგუმენტოდ, ამის ახსნა ძალიან რთულია. როცა ამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების უსინდისობა მეცნიერული სიზუსტით დასტურდება და ამ სიტყვების გასამყარებლად მეცნიერ კაცს ერთი, თუნდაც, არამეცნიერული არგუმენტიც კი არ მოგყავს, ამას რა უნდა დავარქვა, არ ვიცი. როცა ამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ირაციონალურ შიშს თესავს და ამით საზრდოობს, სულ მცირე, ის მაინც უნდა დაამტკიცო, რომ საქართველოს უკრაინის ბედი არც დღეს ემუქრება და არც არასდროს ემუქრებოდა. მეცნიერული სიზუსტით კი, ზუსტად იმის დამტკიცება შეიძლება, რომ ეს საფრთხე საქართველოსთვის სულაც არ არის არარეალური და შესაბამისად, მასზე მინიშნება არათუ ირაციონალური ვერ იქნება, პირიქით, უაღრესად რაციონალური რამაა.
თუ გია დვალი იმას ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე არაა, გამოვიდეს და კაცურად თქვას, რასაც ნაციონალები ფიქრობენ, რომ საქართველო რუსეთთან ომში უნდა ჩაერთონ. ნიკა გვარამიას რომ ეუბნები, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშიაო, მეცნიერ კაცს ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ ნიკა გვარამიას დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, რაშიც თავად გვარამია უშუალო მონაწილეობას იღებდა, ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, ღირსებას ჰყრიდნენ. ისიც უნდა გაგახსენდეს, რომ ნიკა გვარამიას დროს ვერცერთ გავლენიან ტელევიზიაში ვერ დაჯდებოდი და ხელისუფლებაზე აუგს ვერ იტყოდი. ამ ხელისუფლებას რუსეთის სამსახურში ყოფნას რომ აბრალებ, ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ გვარამიას ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და უმსხვილესი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები წაიღო, ხოლო ქვეყანას 2008-12 წლებში ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ერთი გამართული ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
2012 წლის შემდეგ რა წაიღო რუსეთმა საქართველოდან, ამას ვერავინ იტყვის, თუ არ ჩავთვლით მავთულხლართების გაბმაც, რაც ასევე გვარამიას მემკვიდრეობაა. დღევანდელი ხელისუფლების დროს, ნატოსაც და ევროკავშირსაც მაქსიმალური ტემპით დავუახლოვდით (ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას და სხვა მიღწევებს აღარ ჩამოვთვლი). ქვეყნის კატასტროფაზე რომ საუბრობ, მეცნიერ კაცს ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ შარშან საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რითაც ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა, ამ წლის პირველი ორი თვის მონაცემებით კი ზრდამ 16 პროცენტს გადააჭარბა. ეს ფაქტიც მეცნიერული სიზუსტით მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა არათუ კატასტროფულ მდგომარეობაში არაა, პირიქით, უმძიმესი ფონის მიუხედავად, წინსვლას ახერხებს. ბატონო გია, ჩემი თუ არ გჯერათ, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ჰერითიჯ ფოუნდეიშენს და სხვა სანდო საერთაშორისო ორგანიზაციებს მაინც მიენდეთ, რომლებიც ამ დასკვნებს მეცნიერულად დამუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ამყარებენ. მეცნიერი კაცი რომ ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობს, ამის ახსნა ძალიან ძნელია, თორემ გვარამიასგან და მისი თანაპარტიელებისგან ეს დიდი ხანია არავის უკვირს. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და მალე ვიცით ადამიანის შეყვარება, თუმცა, გადაყვარებაც ასევე მალე გვჩვევია. უარგუმენტოდ მოსაუბრე მეცნიერის გადაყვარება კი ძალიან ადვილია.
ასე რომ არ მოხდეს, კარგი იქნებოდა, გია დვალმა თავისი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები წარმოადგინოს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ეს იქნებოდა ჭეშმარიტი მეცნიერის ღირსეული პოზიცია. ბატონო გია, თუ ამას არ იზამთ, ღმერთმა მოგახმაროთ ნიკა გვარამია!" -