1733258119
კვლევის თანახმად, ახალგაზრდები ხშირად აცდენენ სამსახურს მენტალური პრობლემების გამო
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩაატარა Vitality-მ, ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიამ, ზეტ თაობისა და მილენიალების წარმომადგენლები კვირაში ერთ დღეს მაინც აცდენენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. კვლევამ დაადგინა, რომ ერთი საშუალო მუშაკი დიდ ბრიტანეთში წელიწადში თითქმის 50 დღის განმავლობაში არაპროდუქტიულია, რაც ქვეყნის ეკონომიკას 138 მილიარდი ფუნტი (176 მილიარდი დოლარი) უჯდება.
Vitality-ს დასკვნების მიხედვით, ამ პრობლემის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდები ებრძვიან ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს დამსაქმებლის ადეკვატური მხარდაჭერის გარეშე. დეპრესიის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია ახალგაზრდა თანამშრომლებში, რასაც თან ახლავს დაღლილობის მაღალი დონე. აღსანიშნავია, რომ მათ უფროს კოლეგებს ეს პრობლემა უფრო ნაკლებად აწუხებთ. ზეტ თაობის წარმომადგენლები, არსებითად, წელიწადში 54 დღის განმავლობაში მუშაობენ ისე, რომ არანაირი შედეგი არ აქვთ და ამის მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია. ამის მიუხედავად, მათ არ აქვთ სურვილი, ხელმძღვანელობას დახმარებისთვის მიმართონ.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მაშინაც კი, როცა კომპანია სთავაზობს თანამშრომელს მენტალური ჯანმრთელობის დასარეგულირებელ ხელსაწყოებს, 4000 გამოკითხული ადამიანის მხოლოდ 25% იყენებს დამსაქმებლის შეთავაზებებს. ამავდროულად, ისინი, ვინც სარგებლობენ კომპანიის მხარდაჭერით, კმაყოფილნი არიან შედეგებით. იკვეთება ვარაუდი, რომ ან დამსაქმებელს უჭირს თანამშრომელთან სწორი ფორმით მიიტანოს ინფორმაცია მენტალური ჯანმრთელობის რესურსების შესახებ, ან თავად დასაქმებულს, უბრალოდ, ეშინია მისი გამოყენების. თავად Vitality გვასწავლის, რომ თუ სამსახურში ჯანმრთელობა სათანადოდ იმართება, ბიზნესი და ფართო ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
2024 წლის მონაცემების თანახმად, 10 ზრდასრულიდან ცხრა განიცდის ზეწოლისა და სტრესის მაღალ დონეს, ხოლო ყოველი მეხუთე, ზუსტად ამ მიზეზების გამო, დასვენების დღეს ითხოვს სამსახურში. სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო სამსახურის გაცდენა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მისი საბოლოო გადაჭრის გზები კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.