კორპუსიდან ევაკუაცია ნგრევის საფრთხის გამო მიმდინარეობს - განცხადება

policiis lenti

თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,გაცნობებთ, რომ შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა.  სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.

ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია განცხადებაში.